X
GOGA.TV
13
11 წლის ბავშვზე, რომელმაც თავი მოიკლა, მამა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა
  • 11 წლის ბავშვზე, რომელმაც თავი მოიკლა, მამა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა

    11 წლის ბავშვზე, რომელმაც თავი მოიკლა, მამა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა - ამის შესახებ "კურიერთან" გარდაცვლილის ნათესავები საუბრობენ და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

    მათი თქმით, კაცი შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი 11 წლის მოზარდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა - ის მამას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რომ მომხდარზე არ ესაუბრა.

    "საშინელი კაცი იყო, გოგოებზეც ძალადობდა, ბოლო ორი დღეა ბიჭი ჰყავდა გამოკეტილი. გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა, რა მოხდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი-მეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო,"- ჰყვება ბავშვის დეიდა ია ბოგვერაძე.

    კითხვაზე, თუკი იცოდნენ, ძალადობის შესახებ, რა მოიმოქმედეს და რატომ არ დაუძახეს პატრულს, აცხადებენ, რომ ოჯახთან მომხდარი უთანხმოებების გამო ურთიერთობა არ ჰქონდათ და შესვლას ვერ ახერხებდნენ. მათივე ინფორმაციით, გუშინ პატრული გამოიძახეს, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

    ბიჭის მამა, 1971 წელს დაბადებული ფ.ა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს - შსს-ს ინფორმაციით, ის ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით არის დაკავებული.

    უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    "გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.
    145 ნახვა
    24-08-2020, 11:09