X
GOGA.TV
13
  • ელენე ხოშტარია "პატრიოტთა ალიანისის" კრემლთან თანამშრომლობის გამო სახელმწიფოს რეაგირებას ითხოვს

    "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია რუსეთის მხრიდან საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობს.

    "ირმა ინაშვილის ბრალდებები, ბოკერიას და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ახალი არ არის. მას აქვს უფლება, გაგვლანძღოს ყველა, ამით დიდი ხანია დაკავებულია და ამაში პრობლემა არ არის. აქ პრობლემა სხვა რამეშია. როდესაც გაჩვენებენ დოკუმენტს, სადაც კონკრეტულად წერია - 8 მილიონ 430 ათასი ლარი, როცა გაჩვენებენ კონკრეტულ ინსტრუქციას, რომელსაც ასრულებდი, ასახელებენ პირდაპირ კავშირს კრემლთან და შენ პასუხობ, რომ ბოკერია არის ცუდი, ეს არის გაქცევა კითხვიდან და პასუხისმგებლობიდან.

    მე რა დისკუსიაში უნდა შევიდე ქალბატონ ირმასთან, აქ არის მთავარი, სახელმწიფო როგორ რეაგირებას მოახდენს პირდაპირ ფაქტებზე, რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პერიოდში დესტრუქციის მოწყობაზე. ეს არის ეროვნული ინტერესის საქმე.

    კიდევ ერთი ნიუანსი იყო ამ ანგარიშში. 15 ადამიანის დოსიე გაგზავნილი კრემლში, "ეფესბეში." აქ არის ძალიან ბევრი ელემენტი: შპიონაჟის, დესტრუქციის, არჩევნებში ჩარევის, ფინანსების მიღების და მე სახელმწიფო იმისთვის მინდა, რომ რეაგირება მოახდინოს. თუ სახელმწიფოს რეაგირება არ ექნება, ჩვენ აუცილებლად გვექნება ძალიან ბევრი საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ინტერესების საფრთხე,"-განაცხადა "დღის კურიერში" "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ელენე ხოშტარიამ.

    შეგახსენებთ, რომ რუსული სააგენტო "დოსიე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვმა 8 მილიონი გამოყო წინასაარჩევნოდ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებისთვის. რუსული მედია წერს, რომ კრემლმა უკვე დაიქირავა ცნობილი პოლიტ და პიარ ტექნოლოგი სერგეი მიხეევი, იმისთვის, რომ ირმა ინაშვილის წინასაარჩევნო საარჩევნო კამპანიას გაუძღვეს. ინფორმაციის გამოძიების მოთხოვნით დღეს "ევროპულმა საქართველომ" გენერალურ პროკურატურას მიმართა.
    181 ნახვა
    25-08-2020, 09:02