X
GOGA.TV
13
  • როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები

    "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს, ქართულ-აფხაზური შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის "ომის ვეტერანთა ორგანიზაციის" უმაღლესმა საბჭომ გააპროტესტა, თავად დე ფაქტო რეჟიმის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ლაშა საქანიას ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

    როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა. ამ საკითხზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა "დღის კურიერში" ისაუბრა და განმარტა რომ ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ალმას ჯოპუა ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი თანახმაა, საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ჯოპუას თქმით, ის ამ პარტიის მოწვევის წინააღმდეგი არაა თუმცა, ითხოვს რომ ყველაფერი ოფიციალურად მოხდეს და მათ პასპორტში აფხაზეთის რესპუბლიკის ბეჭედი დაფიქსირდეს.

    "არსებობს ამ პარტიის ხელმძღვანელის, თარხან-მოურავის განცხადება, ნახეთ, ეს განცხადება ინტერნეტშია. ის მოითხოვს, რომ აღიარებულ იქნას დღეს არსებული რეალობა. მისი თქმით, პოლიტიკური შანტაჟია ის გზავნილი, რომელსაც ყოველი ახალი ქართული პარტია იყენებს, როცა აცხადებს, რომ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და დაიბრუნებენ აფხაზეთს. ის ამბობს, რომ თვალი უნდა გავუსწოროთ არსებულ რეალობას, უნდა შევეგუოთ ამას, ბოლოს და ბოლოს უნდა ვაღიაროთ აფხაზეთი, - ეს ამ პარტიის ხელმძღვანელის სიტყვებია. მე არ ვარ მათი მოწვევის წინააღმდეგი, მაგრამ მოვიწვიოთ ისინი ოფიციალურად. ამ პარტიის წევრის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოწვევის დროს, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მის პასპორტში აფხაზეთის რესპუბლიკის ბეჭედს უნდა ვარტყამდეთ,"- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ალმას ჯოპუა.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ნატალი სმირი ამბობს, რომ საზღვრის ასეთი კვეთა მათ ინტერესებში არ შედის, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მხრიდან მომდინარეობს ეს თხოვნა:

    "საზღვრის ასეთი კვეთა, ჩვენი, აფხაზეთის სახელმწიფოს ინტერესში არ შედის. ვინც არ უნდა გვთხოვოს, თუნდაც რუსები იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. პირველ რიგში, არსებობს კანონი, რომელსაც ჩვენ არ უნდა ვარღვევდეთ. ჩვენ ვართ ვალდებულები ის შევასრულოთ. რუსებმა ითხოვეს, მათ მიიღეს პოლიტიკური დივიდენდები და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ? დღეს ჩვენ მივიღეთ 2 ადამიანი, ხვალ რუსები, ისევ ასე კულუარულად გვთხოვენ და ჩენ იგივეს გავაკეთებთ? ეს ჩვენს ინტერესში არ შედის," - განაცხადა ნატალი სმირმა.

    აფხაზეთის ომის მონაწილე თემურ ნადარაია ამბობს, რომ გაუგებარია რატომ მიიღეს საზღვრის კვეთის შესახებ კანონი, თუ მისი გამოყენება არ ხდება:

    "თქვენ ხართ პარლამენტის დეპუტატები, დიდ შრომას დებთ თითოეული კანონის მიღებაში. რატომ მივიღეთ კანონი სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ 2016 წელს, რატომ მივიღეთ ეს კანონი, თუ ჩვენ, საქართველოს ვიცე-სპიკერთან მიმართებაშიც კი, რომელმაც უკანონოდ გადმოლახა საზღვარი, არ შეგვიძლია კანონის გამოყენება?! ეს კანონი რომ არ არსებობდეს დღეს, ვიტყოდით, არაუშავს, დარეკა და გადმოვიდა, მაგრამ კანონში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ვიზა აფხაზეთის რესპუბლიკაში შემოსასვლელად,"- ამბობს თემურ ნადარაია.
    45 ნახვა
    26-08-2020, 09:09