X
GOGA.TV
13
  • სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებს ფეთქებადსაშიშს უწოდებენ ქართველი პოლიტიკოსები

    სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებს ფეთქებადსაშიშს უწოდებენ ქართველი პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ მდგომარეობის ესკალაცია დაუშვებელია, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, საფრთხე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას ექმნება.

    უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო უწყება ორივე ქვეყნის კოლეგასთან მუდმივ კონტაქტზეა. აქვს შეთავაზება შეასრულოს სამშვიდობო მისია და აღმოუჩინოს ორივე ქვეყანას საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ისე, როგორც ამას საერთაშორისო ნორმები ითვალისწინებს.

    "თუ მხარეებს სურვილი ექნებათ რომ საქართველო იყოს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩართული, აქ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ამის ნიშნები არ ჩანს. ცხადია საერთაშორისო საზოგადოებაც ჩართული არის და აქაც ჩვენ მზად ვართ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩავერთოთ. ნებისმიერი მიმართულებით მზად ვართ ორივე მხარეს ჰუმანიტარული მიმართულებით დავეხმაროთ და აღმოვუჩინოთ ის დახმარება, თუკი რაიმე სურვილი გაჩნდება და რა თქმა უნდა, ამასაც საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატში გავაკეთებთ," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

    თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გუშინ დილით განახლდა. ორივე ქვეყანამ მძიმე შეიარაღება გამოიყენა. დღის მეორე ნახევარში სომხეთმა და არაღიარებულმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა აზერბაიჯანმაც. ორმხრივი სროლა მხარეებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება.

    ოპოზიცია მთავრობას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს.

    "მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება იმისთვის, რომ შეაფასოს არსებული ვითარება. შეაფასოს ის საფრთხეები, რომელიც ამ ფართომასშტაბიანი ომიდან საქართველოს ემუქრება. აუცილებელია, რომ რეგიონული მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში და აუცილებელია ჩვენ ორივე ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობები ისე შევასრულოთ როგორც ჩვენ ამას გვთხოვს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, ასევე კანონმდებლობა," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
    33 ნახვა
    28-09-2020, 08:43
    News-ები