GOGA.TV
  • კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს

    "ქართული ოცნების" წევრის კახა კუჭავამ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისადმი შეტევასა და ანტიდასავლური განწყობების დათესვაში დაადანაშაულა. კუჭავას ამ განცხადებებს შეფასებები ოპოზიციაში უკვე მოჰყვა.

    ენმ-ის წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ყოველთვის გააკრიტიკებს იმას, ვინც იტყვის, რომ მოცემულ მომენტში ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ იდევნება.

    "კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება და ვის გამოც მე გამოვთქვი მოსაზრება, ეს მე მგონი, თქვენ ძალიან კარგად იცით. ქვეყანაში იდევნება თუ არა თავისუფალი სიტყვა, მიმდინარეობს თუ არა დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეს ყველაფერი როდესაც ხდება, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე აქვს სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკას დაიმსახურებს. კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ.

    "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ელჩების კრიტიკა სწორი არაა.

    ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის დემოკრატიას და ასევე მათ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

    "​ჩემთვის მოულოდნელი არ არის ის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები წუხან იმაზე, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება. ეს არ არის ნორმალური ვითარება. ოღონდ ამ არანორმალური ვითარების ალტერნატივა ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ უფრო მძიმე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, ამ კრიზისის შედეგად საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მთავარი პოზიცია იქნება ერთი და იგივე საბოლოო ჯამში, რომ საფრთხეს ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატია და მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს უქმნის ივანიშვილი და მისი გარემოცვა საფრთხეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამ პროცესში ზოგიერთი მათი პოზიცია იქნება ჩვენთვის მცდარი და ასეთი მცდარი პოზიციაა ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლა ჩვენი აზრით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

    "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩები დიდ როლს თამაშობენ მოლაპარაკების პროცესში და პირადად მას, სრული ნდობა აქვს მათ მიმართ.

    ცნობისთვის, კახა კუჭავამ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა პოზიცია დააფიქსირონ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, მათ შორის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
    173 ნახვა
    3-12-2020, 09:32