GOGA.TV
ნიკოლოზ ლეჟავა: ცხოვრებაში თუკი რამე დამიხატავს ან დამიწერია,  არის ის, რაც თავისით მოდის
  • ნიკოლოზ ლეჟავა: ცხოვრებაში თუკი რამე დამიხატავს ან დამიწერია, არის ის, რაც თავისით მოდის

    ნიკოლოზ ლეჟავა თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. ჰქონდა სამი პერსონალური გამოფენა და მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებშიც. არის ორი წიგნის ავტორი და მწერალთა კავშირის წევრი. მის შემოქმედებას ხაზივით გასდევს ფილოსოფიურ- ფსიქოლოგიური ასპექტები.

    -როგორც ჩემთვის ცნობილია, თვითნასწავლი მხატვარი ბრძანდებით. ხატვის ნიჭი რომ გქონდათ, როდის აღმოაჩინეთ?
    -ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ არასდროს დამიხატავს იმ მიზნით, რომ - უნდა დავხატო! ალბათ, ამიტომაცაა, რომ ხატვის აკადემიური განათლება არ მიმიღია; თბილისის სამხატვრო აკადემიის მიერ ჩემზედ გაცემულ დიპლომად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ მის საგამოფენო დარბაზში ჩემი პერსონალური გამოფენა მოეწყო. სხვათაშორის, „ცის სახლის“ ყდაზე სწორედ ეს გამოფენაა აღბეჭდილი.
    ნიკოლოზ ლეჟავა: ცხოვრებაში თუკი რამე დამიხატავს ან დამიწერია,  არის ის, რაც თავისით მოდის


    -თქვენს მიერ შექმნილ პორტრეტებზე საკმაოდ განსხვავებული იერის ადამიანებია ასახული. ვინ არიან ისინი და რა დატვირთვა აქვთ?
    -უკვე დიდი ხანია, რაც მარტო გამოგონილ პერსონაჟებს ვხატავ, მაგრამ საოცრება იმაშია, რომ ამ ადამიანებს არამარტო მე, სხვებიც იცნობენ, სადღაც ხვდებიან... თუმცა ზოგიერთ პორტრეტს საწყისად რეალური პიროვნება ჰყავს, მაგალითად - „მუშა“; უნივერმაღ „ბავშვთა სამყაროს“ მუშა და ჩემი მეზობელი (მლესავი სერგო) გავაერთიანე. რაც შეეხება „რეციდივისტს“, ის ზოგადი პიროვნებაა, რომელშიც ბევრი დაღუპული ადამიანის ცხოვრებაა ასახული. „კარმენი“ უცნაურად დაიბადა, უფრო სწორად, მისი განვრცობილი ცხოვრება - ბავშვობა და სიბერე, საიდანაც სიბერე მას არ ღირსებია...


    -აფხაზეთის ომის მონაწილე ბრძანდებით. ცხადია, უკვალოდ არ ჩაივლიდა ეს პერიოდი. რამდენად იქონია ზეგავლენა თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე?
    -რაც შეეხება აფხაზეთის ომს და მის გავლენას ჩემს შემოქმედებაზე, ზოგადად ცხოვრებაზე: ომი საქართველოში უფრო ადრე დაიწყო - ცხინვალის ომი. მაგრამ დღემდე მე ოსს ჩემ მტრად არ აღგვიქვამ! ცხინვალის ომში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერც აფხაზში ვხედავ მტერს. პირველი დღეებიდან არ ჩავერიე ამ ომში, მაგრამ როცა ვნახე, რომ მასში ჩრდილოეთ კავკასიელი „ბოივიკები“ შეერივნენ, მოხალისედ წავედი. კიდევ და კიდევ გავიმეორებ - მე არ ვარ აფხაზის მტერი! რაც შეეხება ომის, ჩემს შემოქმედებაზე დატოვებულ მის კვალს: ხშირად ვიხსენებ ერთ პიროვნებას - კარიფანს (ჩემს გვერდით დაიჭრა, მხარში, არასასიკვდილოდ); ომამდე, გაგრაში სკოლის მასწავლებელი იყო. ჰოდა, სანგარში მწოლიარემ, ასეთი რამ წამოიძახა: რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ადამიანებზე მომიწევდა ნადირობაო... არ ვიცი, სად არის კარიფანი; რომ კითხო, ალბათ, თვითონაც ვერ გაიხსენებს ამ სიტყვას. მე არ დამავიწყდა არც ეს სიტყვა და არც ომი! ჰო, კედევ, ამ ომთან დაკავშირებით ჩემი ასეთი ძველი ჩანაწერი გამახსენდა: ვიფიქრე, იქნებ მეომარი ვარ? ომში წავედი, ვიომე... ომიც მომბეზრდა; სახლში დავბრუნდი!

    -მწერალთა კავშირის წევრიც ბრძანდებით. წერა როდის დაიწყეთ?
    -წერა როდის დავიწყე? ცოტათი უფრო გვიან, ვიდრე ხატვა. მერე უძრაობის შუალედები... მთავარი ისაა, როდის დავამთავრებ წერას - რომანი „ავაზაკი“ მაქვს დასასრულებელი! ალბათ, მოვასწებ.


    -ხართ მოთხრობების კრებულის „დღიური“ და „ცის სახლის“ ავტორი. რას გვეტყოდით თქვენს ნაწარმოებებზე?
    -ერთხელ მითხრეს: „პაპარაცი“ („ცის სახლის“ მთავარი გმირი) შენი შვილიაო! შვილიც არის, მეგობარიც. როცა ძალიან მიჭირს, ის ჩემთან მოდის - სუფრას ვუსხედვართ, ვსაუბრობთ... „პატარა ადამიანი“ შემოგვემატება ხოლმე; თუმცა ამ უკანასკნელს, დახმარება იქით სჭირდება... „წრუწუნიჩიც“ იქვეა - მხიარული ბიჭია, ხალისი მოაქვს... სუფრის ყოველ წევრს ვერ ჩამოგითვლით, ბევრნი ვართ. მაგრამ სასწაული აი რაშია: ამხელა სუფრაზე მხოლოდ ერთი კაცის დასათრობი ღვინო ილევა ხოლმე. კიდევ რა გითხრათ? დანარჩენი მკითხველმა უნდა თქვას.



    -რა გაძლევთ შთაგონებას, შექმნათ ახალი.
    -ცხოვრებაში თუკი რამე დამიხატავს ან დამიწერია, არის ის, რაც თავისით მოდის. ვატყობ, სანამ ცოცხალი ვარ, ეს გაგრძელდება. ხელოვანი მშობიარე ქალს ჰგავს - ვერ შეაკავებს იმას, რაც მისგან მოდის! რა თქმა უნდა, აქ მოტივიცაა, შთაგონებაც, ანუ შემოქმედების მიზეზი, რა გითხრათ - ამ ყველაფერის საწყისი სიცოცხლეა, რომლისგანაც, სიმართლე გითხრათ, მე დავიღალე... თუმცა „ბოლო გაჩერებაზე“ მომიწევს ჩასვლა.

    -გარკვეული ეტაპის შემდეგ ყველას ახლავს ცვლილებები თავის შემოქმედებაში. რომელი ძირითადი პირობა აძლევს ახალ მამოძრავებელ ძალას ნიკოლოზ ლეჟავას?
    -ახალი კალენდრული დღე და მეტი არაფერი!

    -ორიოდე სიტყვით ოჯახზეც გვიამბეთ.
    -ამას დიდი ასოებით დავწერდი: მყავს მეუღლე და ექვსი შვილი!

    -ვინ არის თქვენთვის ღმერთი?
    -ვინ არის ის? ღმერთი არ არის ისეთი, როგორიც ის ათეისტს ჰგონია, ანუ - ის არის! კიდევ ვოლტერის შეხედულებას მოვიშველიებ: „ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება!“ მან ეს ცოტა სხვა დატვირთვითაც თქვა, მაგრამ ფაქტია - მასში უდიდესი სიბრძნეა მოქცეული.

    -რა არის ყველაზე რთული ცხოვრებაში?
    -ცხოვრებაში ყველაზე რთული ცხოვრებაა - რომ ამ ქვეყნიდან გასვლის დღემდე ცოცხალმა მიაღწიო!

    -როგორც მწერალი და მხატვარი, რას შეადარებდით ადამიანის არსებობას?
    -ამას ჯერ კიდევ ვიკვლევ...






    ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
    ექსკლუზიურად GOGA.TV-სთვის
    631 ნახვა
    21-12-2020, 19:06