GOGA.TV
არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს - დეგნანი
  • არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს - დეგნანი

    საერთაშორისო პარტნიორებისა და პოლიტიკოსების კრიტიკულ რეაქციას საქართველოში აშშ-ის პირველი დიპლომატის მწვავე შეფასებაც მოჰყვა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის მიერ "სადამსჯელო პაკეტადაა" მონათლული და "ოცნების" მიერ უკვე ინიცირებულია.

    საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "ფორმულასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ "ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე"

    “მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე”, - ამბობს დეგნანი ინტერვიუში.

    ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ოპოზიციურ სპექტრსაც შეეხო და თქვა, რომ 30-წლიანი დემოკრატიის გათვალისწინებით, ქვეყანას ძლიერი და განვითარებული ოპოზიცია უნდა ჰყავდეს.

    “რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში, არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი იქნება ძალიან იმედგამაცრუებელი უკანგადადგმული ნაბიჯი”, ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

    საზოგადოებაში არსებული სკეპტისიზმის მიუხედავად, კელი დეგნანი არ მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩიხშია შესული.

    “არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესი წინ წაწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ. იმედი მაქვს, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ”, - აცხადებს ელჩი დეგნანი "ფორმულასთან" ინტერვიუში.

    შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

    სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
    პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
    იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
    რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

    აქვე გეტყვით, რომ კანონპროექტის შინაარსის გამო მმართველმა პარტიამ კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშისგან, ასევე ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატით წარდგენილი ევროპის სახალხო პარტიისგან, რომელმაც ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა: ნაცვლად ოპოზიციის შეზღუდვისა, იპოვეთ გამოსავალი.
    172 ნახვა
    23-12-2020, 11:57