GOGA.TV
ოპოზიცია დიალოგის მეხუთე რაუნდს იანვრის მეორე ნახევარში ელოდება
  • ოპოზიცია დიალოგის მეხუთე რაუნდს იანვრის მეორე ნახევარში ელოდება

    დიალოგის მეხუთე რაუნდს ოპოზიცია იანვრის მეორე ნახევარში ელოდება. პოლიტიკური ძალები აცხადებენ, რომ ფასილიტატორი ელჩები ამისთვის მზად არიან. პარტიები თვლიან, რომ ამ შეხვედრაზე უნდა გამოიკვეთოს რა პერსპექტივა ექნება შეთანხმებას.

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მე-5 რაუნდთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინის ქონა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ "ქართული ოცნება" გაითვალისწინებს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმებს.

    "ეს მექანიზმი არის ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული: ახალი არჩევნები ან ნებისმიერი გზა ახალ არჩევნებამდე მისასვლელი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს სრული რეფორმა," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

    "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს არაჯანსაღი ვითარება უნდა განიმუხტოს რომელიმე მოდელით.

    "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციასაც და ფასილიტატორებსაც მზაობა აქვთ, რომ მორიგი რაუნდი იანვარში შედგეს და ის იმედოვნებს, რომ კრიზისის მოგვარების აუცილებლობას გააცნობიერებს ხელისუფლებაც.

    "ერთ რაუნდში არ გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ მთავარია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და მეხუთე რაუნდი დაგვანახებს, რა პერსპექტივა აქვს საერთოდ ამ მოლაპარაკებებს," - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

    პარტია "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მოლაპარაკებების სივრცეს ამცირებს:

    "ეს აჩენს კითხვებს ხელისუფლების სულისკვეთებასთან და კონსენსუსის მიღწევის მზაობასთან დაკავშირებით, რომელიც რაც დრო გადის ბუნებრივია უფრო მცირდება და ჩვენ ახლა პატარა ფანჯარა გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული," - განაცხადა საბა ბუაძემ.
    142 ნახვა
    3-01-2021, 09:43