GOGA.TV
ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
  • ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

    ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა დაშავებული პოლიციელი.

    ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი დატოვა ორმა წევრმა. კანონმდებლები კი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

    კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტისთვის მზადებას აანონსებს.

    "6 იანვარს კაპიტოლიუმში ადგილი ჰქონდა პოლიციის ხელმძღვანელობის წარუმატებლობას. თუმცა რიგი ოფიცრების სიმამაცე ნამდვილად ქებას იმსახურებს. მე შევუერთდი სენატის დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის მოწოდებას ვიცე-პრეზიდენტისადმი კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებასთან დაკავშირებით. ლეგიტიმური იქნება თუკი მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს. ამ გზით დარჩენილ დღეებში შევძლებთ თავიდან ავიცილოთ შესაძლო ექსესები," - აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

    დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 12 დღე რჩება. ბაიდენის ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი საკუთარი მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას გმობს და აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემა.

    "მივმართავ მათ, ვინც კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობდა, თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მივმართავ მათ, ვინც დაარღვია კანონი – თქვენ ამისთვის გადაიხდით. ჩვენ ახლახანს გავიარეთ დაძაბული არჩევნები და ემოციები მძაფრია. თუმცა ახლა დროა, რომ ტემპერატურამ დაიწიოს და სიმშვიდე აღდგეს. კონგრესმა დაამტკიცა შედეგები და ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია შედგება 20 იანვარს. მე ფოკუსირებული ვარ ახლა ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზე," - აცხადებს დონალდ ტრამპი.

    ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 6 იანვრის დრამატულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. სოციოლოგიური გამოკითხვა კომპანია Morning Consult-მა და გამოცემა Politico-მ ჩაატარეს. გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 63%-მა კაპიტოპლიუმზე თავდასხმაში ნაწილობრივ პრეზიდენტი დაადანაშაულა. 49%-მა კი განაცხადა, რომ ძალადობასა და ვანდალიზმზე პასუხისმგებლობა მთლიანად თეთრი სახლის ლიდერს ეკისრება.

    6 იანვრის დრამატული მოვლენების შემდეგ თანამდებობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა. ამჯერად პოსტიდან განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი გადადგა. მანამდე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ დაწერა.

    პოსტები დატოვეს დონალდ ტრამპის მრჩეველმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში რაიან ტულიმ, პირველი ლედის აპარატის უფროსმა სტეფანი გრიშემმა, პრესმდივნის მოადგილემ სარა მეთიუსმა და პროტოკოლის აპარატის მდივანმა რიკი ნიჩეტმა.

    თეთრი სახლის პრესმდივანმა კაპიტოლიუმის შენობის შტურმი დაგმო. ამის შესახებ კეილი მაკენანიმ თეთრ სახლში გამართულ მოკლე ბრიფინგზე განაცხადა. მან მთელი თეთრი სახლის სახელით ისაუბრა და ძალადობას საძაგელი, დასაგმობი და ამერიკული ჩვეულებისთვის შეუფერებელი უწოდა.

    "აქ ვარ რათა განცხადება გავაკეთო თეთრი სახლის სახელით, ძალადობა რომელიც ვნახეთ იყო შემზარავი, ანტიამერიკული, თეთრი სახლი მკაცრად გმობს მომხდარს. ვინც დაარღვია კანონი მოუწევს დანაშაულისთვის პასუხისგება. სამწუხაროა, რომ კაპიტოლიუმზე იერიში მსხვერპლით დასრულდა, ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ განცდილი დანაკარგის გამო," - აღნიშნა კეილი მაკენანმა.

    მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტიც და კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეებს მეამბოხეებისა და შიდა ტერორისტების ბრბო უწოდა. ჯო ბაიდენმა ასევე შედარება მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნებოდა რეაქცია იმ შემთხვევაში დემონსტრაცია მოძრაობას "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" რომ გაემართა:

    "ეს არ იყო პროტესტი. ეს ქაოსი იყო. ნუ მოიხსენიებთ მათ, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ეს მეამბოხეებისა და შიდა ტერორისტების ბრბო იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ბრბო კონგრესზე თავდასხმისკენ წააქეზა.ვერავინ მეტყვის, გუშინ დემონსტრაცია მოძრაობას "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" რომ გაემართა, მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა არ იქნებოდა, იმ ბანდიტებთან შედარებით, რომლებიც გუშინ კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობდნენ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა და ის მიუღებელია," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

    ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტს რთული ამოცანა ელის:

    "ჯო ბაიდენს ახლა რთული ამოცანა ელის, მან უნდა გააერთიანოს ამერიკული საზოგადოება და გადალახოს არსებული განხეთქილება. წინ დიდი და მძიმე საკითხებია, როგორიცაა პანდემიის დაძლევა, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, კლიმატის ცვლილება და დემოკრატიზაციის გაძლიერება მსოფლიოში. ევროპა მზად არის აშშ-ის პრეზიდენტთან მსგავს საკითხებზე ითანამშრომლოს. თუმცა პირველ რიგში ვითარება შტატებში უნდა იყოს სტაბილური," - განაცხადა ურსულა ვონ დერ ლაიენმა.

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია იმით, რომ აშშ-ში საბოლოოდ დემოკრატიამ იზეიმა:

    "ვინაიდან ის აქეზებდა ადამიანებს კაპიტოლიუმის შტურმისკენ და ვინაიდან პრეზიდენტი მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს, მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, მოხარული ვარ, რომ აშშ-ში საბოლოოდ დემოკრატიამ იზეიმა და არჩეული პრეზიდენტი თანამდებობაზე დაამტკიცეს," - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

    შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ და მასობრივი არეულობა მოაწყეს. შენობაში მომიტინგეების შეჭრის შემდეგ კონგრესის ორივე პალატის სხდომა შეჩერდა. კაპიტოლიუმზე ძალისმიერ იერიშს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 52 პირი.
    222 ნახვა
    8-01-2021, 08:48