GOGA.TV
კეკე კუჭავა: „წერა ჩემთვის რელაქსაციაა და ამავე დროს თავშესაფარიც, რომელშიც თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ“
  • კეკე კუჭავა: „წერა ჩემთვის რელაქსაციაა და ამავე დროს თავშესაფარიც, რომელშიც თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ“

    ქართველი მწერლის ემიგრანტული ცხოვრება თოთხმეტი წლის წინ დაიწყო. სირთულეების მიუხედავად, შეუპოვარი ხასიათის წყალობით, უცხო მიწაზე ცხოვრებას ფეხი აუწყო და დღეს მარტოხელა დედა ხუთ შვილთან ერთად უძღვება ამერიკულ ყოველდღიურობას.

    -რამ განაპირობა, რომ წერა დაგეწყო?
    -წერა ჩემთვის რელაქსაციაა და ამავე დროს თავშესაფარიც, რომელშიც თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ. სკოლის პერიოდში პოეზიით ვიყავი გატაცებული, ხოლო რომანების წერა მოგვიანებით დავიწყე. აღმოაჩენ, რომ გაქვს ნიჭი და იწყებ წერას. ადამიანმა აუცილებლად უნდა მოახდინოს ნიჭის რეალიზება.

    -ინტერნეტ სივრცეში მკითხველის სიუხვითა და სიყვარულით განებივრებული მწერალი ხარ. როგორ ახერხებ?
    -ჩემი პერსონაჟები ძალიან ნამდვილები არიან. ლამაზი სიყვარული შეუძლიათ, ჩვეულებრივობითა და გულწრფელობით გამოირჩევიან, არაფერი გადამეტებული. ვცდილობ, არ დავტვირთო ნაწერი და დამღლელი არ იყოს კითხვისას. ვთვლი, ყველაფერი მარტივი, თუ სრულყოფილი არა, მასთან მიახლოებული მაინც არის. ალბათ, ეს ყველაფერი მოსწონს მკითხველს, თუმცა ვფიქრობ, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი თავად მას ექნება.

    -როგორია კეკე კუჭავა შემოქმედებითი წვის დროს? რას განიცდის, როდესაც პერსონაჟებს ქმნის და დაძაბული ამბების კორიანტელში ჰხვევს?
    -საინტერესო პროცესია. წერის დროს კეკე არ ვარ. ჩემში ყველა პერსონაჟი ერთად სახლდება და ერთდროულად რამდენიმე პიროვნება ვარ ხოლმე. განვიცდი მათ ემოციებს და გრძნობებს. ზოგჯერ არ მინდა, ეს ქაოტურობა შეწყდეს. ფაქტობრივად ღმერთი ვარ ჩემს პატარა სამყაროში.

    -რომელი პერსონაჟის შექმნა იყო ყველაზე რთული?
    -ზოგადად არც ერთი პერსონაჟის შექმნა არ არის მარტივი, რადგან ყველაფერი უნდა გათვალო, თითოეული წვრილმანი, თუმცა, ყველაზე რთული თორნიკე ავალიანის შექმნა იყო რომანიდან „ბედნიერება გაზიარებით“. იგი პროფესიით სნაიპერია. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ცნობას ვაგროვებდი პროფესიასთან დაკავშირებით. გავესაუბრე პიროვნებას, რომელიც იგივე საქმიანობით იყო დაკავებული. მინდოდა ძალიან კარგად მცოდნოდა ჩემი პერსონაჟი. შემდეგ მის ხასიათზე დავიწყე მუშაობა. თორნიკე უკარება და ცივი კაცია, მაგრამ არა უტაქტო. ასევე მაქსიმალისტი, მომთხოვნი და მკაცრიც. ამ ყველაფრის მიღმა კი თბილი და კეთილი ადამიანი იმალება. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო მისი შექმნა, ამავდროულად სასიამოვნოც იყო მასზე მუშაობა.

    -როგორც ვიცი, „ბედნიერება გაზიარებით“ მეგობარს მიუძღვენი, ხოლო წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.
    -წიგნის პრეზენტაცია 2016 წლის 8 აპრილს შედგა საქართველოში. სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საღამო სათანადოდ წარმართულიყო. რომანი „ბედნიერება გაზიარებით“ ჩემი მეგობრის, გვანცა შენგელიას ხსოვნას მივუძღვენი. ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამ ამბავმა თავზარი დამცა. ვერ ვიჯერებდი, რომ გვანცა აღარ იყო. რომანზე მუშაობა მის სიცოცხლეში დავიწყე. ნებართვა მისგან ავიღე, რადგან მთავარი პერსონაჟის სახელი გვანცა შენგელიაა. მოუთმენლად ელოდა ხოლმე, როგორ განვითარდებოდა რომანში მოვლენები. მისი გარდაცვალების შემდეგ ვეღარ ვწერდი, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ წერა გამეგრძელებინა. რომანზე მუშაობის დროს ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, ჩემს მეგობარს შეწყვეტილ სიცოცხლეს ვუგრძელებდი. თითქოს განგებას პროტესტი გამოვუცხადე ამგვარი ქმედებით. რაც შეეხება წიგნის გაყიდვიდან შემოსულ თანხას, დიახ, ქველმოქმედებას მოხმარდა. თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს გადავურიცხე.
    კეკე კუჭავა: „წერა ჩემთვის რელაქსაციაა და ამავე დროს თავშესაფარიც, რომელშიც თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ“


    -რომელი ნაწარმოების გმირი ჰგავს ხასიათით კეკე კუჭავას?
    -რაღაც თვისებებით ყველა მგავს. ვინც კარგად მიცნობს, ალბათ, ის ზუსტად მიხვდება რომელ პერსონაჟშია უფრო მეტი კეკე კუჭავა.

    -როგორი გრძნობაა, როდესაც წერის დასასრულს პერსონაჟებს ეთხოვები?
    -ოჰ, ეს ძალიან ემოციური მომენტია. ვტირი! გულამოსკვნილი ვტირი! ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები შორს მიემგზავრებიან და არ ვიცი კიდევ როდის შევხვდები მათ.

    -ხუთი შვილის მარტოხელა დედა ხარ. ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვიამბე.
    -მყავს ძალიან ლამაზი და დიდი ოჯახი, რომლითაც ყოველ დღე ვამაყობ. თოთხმეტი წელია შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ. მერვე წელია, რაც მარტო მიჭირავს ყვითელი ბაირაღი (ყვითელი ჩვენი ფერია) და ისე მივუძღვები ცხოვრების ქარიშხლიან, ზოგჯერ მზიან გზებს. ჩვენთან ერთად კატა -მაშა და ძაღლი-მილა ცხოვრობს. სრული ჰარმონია სუფევს სახლში, როდესაც შვიდი შტურმისტი თამაშს იწყებს. ბევრი ჭკუიდან შეიშლებოდა ამდენი ბავშვისა და ორი ცხოველის ხმაურზე, მაგრამ ჩემთვის ეს ჰარმონიაა. ძალიან ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი ვარ. გამიმართლა, რომ ამ ბავშვების დედა ვარ. დიდი პასუხისმგებლობაა ხუთი შვილის დედობა. ბევრ სირთულესთან მიწევს შეჯახება, მაგრამ ჩემი შეუდრეკელი ხასიათი და საკუთარი თავის რწმენა მშველის, რომ გადავლახო ყველა სირთულე. წვიმის შემდეგ აუცილებლად ჩნდება ცაზე ცისარტყელა, ამიტომ, მოთმინებით ველოდები მის გადაღებას.

    -მუშაობ, სწავლობ კიდეც... ამდენს როგორ უძღვები?
    -ვმუშაობ, ვსწავლობ, ვწერ, ვკითხულობ, ვხატავ... ყველაფერი მონდომებასა და დროის სწორად განაწილებაზეა დამოკიდებული.

    -რაზე ოცნებობ?
    -ვოცნებობ სახლზე, რომელიც გურიაში მთაზე მექნება და სიბერეს იქ გავატარებ.

    -რა გიყვარს?
    -მიყვარს ჩიტები, საათები, ძველი წიგნები, ბევრი და გულიანი სიცილი, სიცოცხლე, სამყაროს შემოქმედი, კეთილი ადამიანები...

    -რა გძულს?
    -სიძულვილით არავინ და არაფერი მძულს. უფრო ბოროტი ადამიანები მებრალებიან... გძულდეს რამე ან ვინმე, ვთვლი, რომ სიძულვილის შენზე გამარჯვების ტოლფასია.

    -როგორია კეკე კუჭავას სამომავლო გეგმები?
    -ვმუშაობ ახალ რომანზე, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია ვწერ და ჯერ ვერ დავასრულე. დიდ ენერგიას და სიზუსტეს მოითხოვს ამ რომანზე მუშაობა. ვემზადები მეორე წიგნის გამოცემისთვის.

    -და ბოლოს, რა არის შენი, როგორც მწერლის სათქმელი მკითხველისთვის?
    -ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც კითხულობს ჩემს შემოქმედებას, მოსწონს, მიზიარებს შთაბეჭდილებებს, რასაც ჩემს მიერ შექმნილი ადამიანები იწვევენ მათში. ყველას ვუსურვებ ლამაზ სიყვარულს.

    ესაუბრა ქეთი იმერლიშვილი
    კეკე კუჭავას ფოტოს ავტორი: ზაქარია ჭელიძე

    ექსკლუზიურად GOGA.TV-სთვის
    1 097 ნახვა
    10-01-2021, 21:38