GOGA.TV
  • ევროპელი ლიდერები ჯო ბაიდენს ინაუგურაციის დღეს ულოცავენ

    ევროპელი ლიდერები აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ინაუგურაციის დღეს ულოცავენ და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავების სურვილს გამოთქვამენ.

    "კარგი დღე დემოკრატიისთვის", ასე გამოეხმაურა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერი. მისი თქმით, დღეს აშშ-ში ზეიმის დღეა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიაც კი წამოეგო პოპულიზმს".

    "დღეს კარგი დღეა დემოკრატიისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა თუმცა გაუძლო. მიუხედავად ამერიკის ინსტიტუციური სტრუქტურის გატეხვის მცდელობისა, საარჩევნო მუშაკები და გუბერნატორები, სასამართლო და კონგრესი ძლიერი აღმოჩნდა. გერმანია მიესალმება ჯო ბაიდენის ინაუგურაციას და მის თეთრ სახლში გადასვლას,"- აცხადებს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერი.

    ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კი ხანგრძლივი 4 წლის შემდეგ, ევროპას კვლავ ეყოლება მეგობარი თეთრ სახლში.

    "შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში საპატიო ცერემონიალი ამერიკული დემოკრატიის მდგრადობის დემონსტრირება და უტყუარი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ კიდევ ერთხელ, ხანგრძლივი ოთხი წლის შემდეგ, ევროპას მეგობარი ჰყავს თეთრ სახლში. ევროპა მზად არის ახალი სტარტისთვის ყველაზე ძლიერ და სანდო პარტნიორთან,"- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი.
    111 ნახვა
    20-01-2021, 09:32