GOGA.TV
youtube
3
საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
  • საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

    ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

    მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

    "2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

    · სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

    · სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

    · სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

    · სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

    ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის," - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

    საქართველო რუსეთს აგვისტოს ომის საქმეზე ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვა.

    საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ მყარი პოზიციები და 700-მდე მტკიცებულება წარადგინა.

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა. 2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართა.

    საქმეზე პირველადი საჩივარი საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და დროებითი ღონისძიების მიღება მოითხოვა, ხოლო ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.
    105 ნახვა
    21-01-2021, 09:12