GOGA.TV
  • დესტაბილიზაციაზე საუბარი შეიძლება ვინმესთვის პოპულარულიც იყოს - გია ვოლსკი

    ოპონენტების რევოლუციურ სცენარს და მზადებას ცხელი გაზაფხულისთვის შანტაჟად და პროვოკაციად მიიჩნევენ უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაძაბული ფონია, რასაც ოპოზიცია იყენებს და ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ისინი იმედოვნებენ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არსებულ ვითარებას ადეკვატურად შეაფასებს და დესტაბილიზაციის მცდელობა ჩაიშლება.

    "სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გარდა, პოლიტიკურ ველზე არის საკმაოდ დაძაბული ვითარება. მაშინ, როდესაც ოპონენტები არ თანხმდებიან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა, რომელსაც ისინი მიყვებიან.

    რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე საუბარი შეიძლება ვინმესთვის პოპულარულიც იყოს, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკიმ.

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გეგმა, რომელიც, მისი სიტყვებით, დესტაბილიზაციას გულისხმობს, მარცხისთვისაა განწირული.

    "მხოლოდ დესტრუქცია ამოძრავებთ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ხელის მოთბობა იმ რთულ მდგომარებაზე, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში პანდემიის გათვალისწინებით. ეს არ მგონია არც ეთიკური და არც სამართლებრივად არგუმენტირებული არგუმენტაცია, რომელსაც გვთავაზობენ რიგი ოპოზიციური პარტიებისა თუ პოლიტიკოსების, ეს ნამდვილად განწირულია მარცხისთვის,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
    175 ნახვა
    25-01-2021, 00:42