GOGA.TV
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი დარბაზში დატოვა
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი დარბაზში დატოვა

    107-36 ის წინააღმდეგ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი დარბაზში დატოვა, თუმცა მკაფიო კრიტიკის ფონზე. ევროპელი დეპუტატების უმრავლესობა კრემლის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებას დიალოგის უალტერნატივობით ხსნის.

    დეპუტატები, რომლებმაც ოფიციალური მოსკოვი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დატოვეს, ისევე აკრიტიკებენ კრემლს, როგორც რეზოლუციის მოწინააღმდეგეები, თუმცა, რუსული დელეგაციისთვის სანქციების დაწესების ნაცვლად, მიაჩნიათ, რომ კრემლს პასუხი ადმიანის უფლებათა დარღვევებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმაზე უნდა მოსთხოვონ.

    მთავარი ბრალდებები, რასაც ევროპელი დეპუტატები კრემლს ედავებიან პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციაა. კრემლის კრიტიკის ფონზე, დღეს საქართველომ და უკრაინამ მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ მიიღეს.

    რუსეთის დელეგაციამ ყველა ბრალდება მოისმინა, თუმცა არც ერთს დაეთანხმა. მათი რიტორიკა უცვლელი იყო - დეზინფორმაცია და საკუთარი მსხვერპლის მოძალადეებად წარმოჩენის მცდელობა.

    ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ასამბლეას 2008 წლის ომი, განგრძობითი ოკუპაცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეახსენა, როგორც იმის მტკიცებულება, რომ კრემლი დაპირებებს არ ასრულებს.

    დებატები თითქმის 2 საათს გაგრძელდა. რუსეთის დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კრემლი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში დარჩა, თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა. ასამბლეა რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულებას ადამიანის უფლებების კუთხით, წლის ბოლოს ისევ დაუბრუნდება.
    157 ნახვა
    28-01-2021, 23:40