GOGA.TV
მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა
  • მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

    მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაუდასტურეს.

    მომღერალი, თანმდევი დაავადებების გამო, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორი თვე მკურნალობდა.

    თემურ წიკლაური, ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრია. დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

    1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან კი ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტია. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლებში: "არწივი", "მეფე აიეტი", "გერვასი", "ნიკო ფიროსმანი".

    თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ივერია, სიყვარული და...“, „უმცროსი და“, „არგონავტები“ .

    2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თემურ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.
    280 ნახვა
    1-02-2021, 09:16