GOGA.TV
საარჩევნო რეფორმა პარლამენტში 1 მარტამდე დაინიცირდება
  • საარჩევნო რეფორმა პარლამენტში 1 მარტამდე დაინიცირდება

    საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში 1 მარტამდე უნდა დაინიცირდეს, წინააღმდეგ შემთხევაში პარლამენტში შესული "მოქალაქეები" დეპუტატის მანდატზე უარს იტყვიან.

    ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საარჩევნო რეფორმა მათ მთავარ მოთხოვნას ახალ არჩევნებს ვერ შეცვლის და მემორანდუმზე, რომელის საფუძველზეც შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი, ხელმოწერას არ აპირებენ.

    "ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მათ თვითმიზანი ბოიკოტი არ არის, თუმცა, მემორანდუმს, სადაც მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ არის, არ შეუერთდებიან.

    "ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ბოიკოტი. სწორედ იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული იქ მთავარი მოთხოვნები, როგორიცაა ახალი არჩევნების ჩატარება, თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნა და თვისობრივად ახალი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება, სწორედ ამიტომ ეთქვა ამ მემორანდუმის ცოტა უკეთეს ვარიანტზე უარი,"-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

    რაც შეეხება "გირჩს", საარჩევნო რეფორმა მათთვის პრიორიტეტია, თუმცა გარკვეული კითხვები აქვთ.

    "კარგი იქნება, თუ იქნება რეალიზებული ვიდეო დაკვირვებების გაუმჯობესება, რომელიც ნებისმიერ ამომრჩეველს მისცემს საშუალებას დაინახოს რა ხდებოდა ნებისმიერ უბანზე, ასევე, იქ არის პუნქტები, რომელიც ე.წ. კარუსელების პრევენციას გააკეთებს. მე პირადად, მაინტერესებს, როგორ აღსრულდება თითის ანაბეჭდის კონტროლი, სად შეინახება ეს ინფორმაცია და რამდენად დაცული იქნება ის,"-განაცხადა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

    "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მემორანდუმში ის პუნქტებიც კი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, მნიშვნელოვნადაა გაუარესებული იმასთან შედარებით, რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე განიხილებოდა, შესაბამისად, მისი პარტია არ აპირებს ამ მემორანდუმს შეუერთდეს.

    "7 ძირითადი პუნქტიც კი, რაც საარჩევნო კოდექსს ეხება, არის მნიშვნელოვნად გაუარესებული, ვიდრე მეოთხე რაუნდზე განვიხილავდით, არაფერს ვამბობ კიდევ 3 პუნქტზე, რომელიც აქ საერთოდ არ არის, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა და ა.შ. ამიტომ, ამაში არ მივიღებთ არანაირ მონაწილეობას,"-განაცხადა მან.

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფი დაკისრებული ფუნქციის შესრულებას ვერ შეძლებს.

    "აღნიშნული ჯგუფი, ისევე, როგორც საგამოძიებო კომისია იქნება სრული ფარსი, რადგან ის ვერ შეძლებს რეალურად შეცვალოს ის ფუნდამენტური პრობლემები, რაც თან ახლავს არჩევნებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. მნიშვნელოვანია, ყოფილიყო პოლიტიკური შეთანხმება, რის საფუძველზეც ოპოზიცია შეძლებდა პარლამენტში შესვლას, სადაც იქნებოდა კონკრეტული თარიღი ვადამდელი არჩევნებისთვის და, ასევე, კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ის ვადამდელი არჩევნები მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს,"-განაცხადა მან.
    112 ნახვა
    8-02-2021, 00:15