GOGA.TV
გიორგი გოგიძის წარმატებული კარიერა აშშ-ში და სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული რჩევები
  • გიორგი გოგიძის წარმატებული კარიერა აშშ-ში და სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული რჩევები

    გიორგი გოგიძემ საქართველოში მიღწეული არაერთი წარმატების მიუხედავად, 2018 წელს აშშ-ში საცხოვრებლად წასვლა გადაწყვიტა და დღეს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში სიცოცხლის დაზღვევის გენერალური მენეჯერი გახლავთ.

    -უკვე მესამე წელია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობთ. რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება თავის დასამკვიდრებლად?
    პირველი წელი იყო განსაკუთრებით რთული, რადგან სამშობლოსთან განშორება და ახალ გარემოსთან ადაპტაცია არც თუ ისე ადვილია. დღე-ღამის გასწორებით, საკუთარ თავზე მუშაობითა და მონდომებით სწავლის გაგრძელება შევძელი და მუშაობა დავიწყე ძირძველ სადაზღვევო კომპანიაში.

    -იქნებ, ორიოდე სიტყვით გვიამბოთ სამუშაო ადგილის შესახებ. როგორ აღმოჩნდით იქ?
    სადაზღვევო კომპანია American Income Life 1951 წლიდან ემსახურება ოჯახებს და დღემდე წამყვან ადგილს იკავებს FORBES-ის ჟურნალში. იქ სამეტაპიანი ინტერვიუს საშუალებით მოვხვდი. საკმაოდ რთული იყო და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმომეჩინა, შემდეგ პროქტორის და საშტატო სალიცენზიო გამოცდები ჩამებარებინა და კომპანიაში დავსაქმებულიყავი.

    -რას ნიშნავს სიცოცხლის დაზღვევა? იქნებ განმარტოთ.
    სიცოცხლის დაზღვევა მეორენაირად ოჯახის დაზღვევას ნიშნავს. ადამიანი იზღვევს საკუთარ სიცოცხლეს, რომ ღმერთმა აშოროს, ასი წლის მერე, როდესაც წასვლა მოუწევს, ოჯახის წევრებს ერთიანი თანხა დაუტოვოს. მაგალითად, 100 000 აშშ დოლარის ფარგლებში და ზოგჯერ გაცილებით მეტი. დაზღვეული პირი საყვარელ ადამიანებს მყარ კაპიტალს უტოვებს, რომელსაც ისინი ან სწავლას მოახმარენ, ან უძრავი ქონების შეძენას, ან ბიზნესის წამოწყებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ზრუნვა საყვარელ ადამიანებზე მაშინაც კი, როცა მათ გვერდით აღარ ვართ.

    -სიცოცხლის დაზღვევის როგორი სახეობები არსებობს?
    სიცოცხლის დაზღვევა არის ძირითადად ორი ტიპის: მუდმივი და დროებითი. დროებითი თავის მხრივ, იყოფა ოთხწლიანად, ათწლიანად და ოცწლიანად. მთავარი განსხვავება ისაა, რომ მუდმივი პოლისი შედარებით ძვირი ღირს, რადგან თანხის დაგროვების ფუნქციაც აქვს, რომელსაც Cash Value ეწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივი პოლისის გაკეთების შემთხვევაში, დაზღვეულ პირს სიცოცხლეში შეუძლია მოიხმაროს საკუთარ პოლისზე დაგროვებული თანხა, რაც ძირ თანხას არ აკლდება. ამის გარდა, რა ასაკშიც მოასწრებს და გააკეთებს მუდმივ პოლისს, ის ასე ვთქვათ, ყინავს საკუთარ ასაკს და ყოველთვიური გადასახადი არასდროს შეეცვლება. დროებით პოლისებს თანხის დაგროვების ფუნქცია არ აქვს და ამიტომ შედარებით იაფი ღირს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი პოლისი უნდა განახლდეს და ყოველთვიური გადასახადი მეტი მოუწევს.

    -როგორც ვიცი, სიცოცხლის დაზღვევისას კომპანია ბევრ დეტალს ითვალისწინებს. შესაბამისად, პირობები განსხვავდება და ინდივიდუალურია.
    დიახ, მოგახსენებთ:
    ერთიანი თანხა გადაეცემა მემკვიდრეს დაზღვეულის ნებისმიერი სახით გარდაცვალების შემდეგ, გარდა თვითმკვლელობისა.
    ყოველთვიური გადასახადი მეტწილად დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე. რაც უფრო ახალგაზრდაა, გაცილებით ნაკლები გადასახადი უწევს, რაც უფრო ასაკოვანია, შედარებით უფრო მეტი, რადგან ასაკოვანის გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია.
    თუ ადამიანს მუშაობის უნარი აღარ შესწევს, ან ლოგინად ჩავარდა, ან ქმედუუნარო გახდა, კომპანია ყოველთვიური გადასახადისგან ათავისუფლებს და პოლისს უნარჩუნებს.
    მძიმე ქრონიკული, ტერმინალური დაავადების დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლის წლები მცირდება, კომპანია სიცოცხლეშივე უხდის მთლიანი თანხის 50%-ს და დარჩენილ ნახევარს უკვე გადასცემს მემკვიდრეს, ანუ ბენეფიციარს დაზღვეული პირის გარდაცვალების შემდეგ.

    -გარდა ჩამოთვლილისა, კიდევ რამე უპირატესობას თუ ფლობს პირი, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე აქვს დაზღვეული?
    დიახ, ბანკები კლიენტების სიცოცხლის დაზღვევას უპირატესობას ანიჭებენ, როდესაც დიდ სესხს გასცემენ სახლის შესაძენად.

    -რა შემთხვევაში შეიძლება, კომპანიამ უარი თქვას დაზღვევაზე?
    მთავარია, რომ ადამიანი მძიმედ არ იყოს დაავადებული. მაგალითად, ქრონიკული, მძიმე დაავადებების დროს კომპანია არ აძლევს სიცოცხლის დაზღვევას. ასეთები დაავადებებია: სიმსივნე, ალცჰაიმერი, სარკომა, გულის მძიმე დაავადებები, თუმცა მაღალი წნევის, მეორე ტიპის დიაბეტის, თუნდაც მაღალი ქოლესტეროლის, ჩიყვის, ჰიპო, ან ჰიპერთიროიდიზმის შემთხვევაში კომპანია ძალიან მარტივად უმტკიცებს პოლისს.

    -ძირითადად რა სახის დოკუმენტაციაა საჭირო სიცოცხლის დასაზღვევად?
    სოციალური უსაფრთხოების ბარათი ვისაც აქვს, იგივე სოუშელი, ყველას შეუძლია დაიზღვიოს სიცოცხლე ნებისმიერი თანხით. ამასთანავე, Tax ID ვისაც აქვს, მასაც კი შეუძლია გაიკეთოს სიცოცხლის დაზღვევა, ოღონდ 50,000$-იანი. როგორც კი სოუშელს აიღებს, თანხის გაზრდა ნებისმიერ დროს შეუძლია.

    ესაუბრა ქეთი იმერლიშვილი
    ექსკლუზიურად GOGA.TV-სთვის
    448 ნახვა
    15-02-2021, 20:10