GOGA.TV
  • ნიკა მელიას დაკავება ხელისუფლების თვითმიზანი არ არის, თუმცა კანონი ყველასთვის ერთია

    "ნიკანორ მელიას პოლიტიკურ ზვარაკად წარმოდგენის გეგმა დიდი ხანია დამუშავებულია ნაცმოძრაობაში. იმის გამო რომ ვერ გამოვიდა და ვერ მოხდა პროვოცირება მასიური დაპირისპირებისა სახელმწიფო სტრუქტურებთან შესაძლოა ამ სვლამ გაუმართლოს, მაშინ როდესაც სასამართლოც პროკურატურაც საკმაოდ ლოიალური იყო მის მიმართ მაშინაც კი როდესაც სამაჯური მოიხსნა და გადააგდო," - აცხადებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

    პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ამბობს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და ის უნდა აღსრულდეს:

    "არავის არ ვურჩევ კანონს წინ აღუდგეს, კანონი არის ყველასთვის ერთი, უნდა აღსრულდეს და აუცილებლად აღსრულდება.ჩვენ არ ვერევით სასამართლოს პრეროგატივაში და კომპეტენციაში. ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის უზენაესი არის კანონი. შესაბამისად თუკი ვინმე არ ემორჩილება ჩვენი მხრიდანაც, ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე არის ადეკვატური პასუხი,"- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

    შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
    116 ნახვა
    17-02-2021, 01:29