GOGA.TV
  • 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ქვეყნის ისტორიაში - პრემიერი

    საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას კოჯორში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

    საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

    კომენტარი გააკეთა მთავრობის მეთაურმა, რომელმაც 25 თებერვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი თარიღი იმ გმირების ღვაწლს გვახსენებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის გაწირეს.

    "25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღე გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ღვაწლი და დამსახურება ჩვენი გმირების ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ამიტომ, ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო ამოცანა, მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მე მინდა პატივი მივაგო მათ ხსოვნას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    82 ნახვა
    25-02-2021, 01:51