GOGA.TV
  • მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, მას მასთან ერთად მსახურება და დამორჩილება მოსთხოვა

    წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძრის დიაკვანმა პეტრე ღუდუშაურმა, რომელსაც მარტვილის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა მღვდელმსახურება შეუჩერა, განვითარებული პროცესების შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. დიაკვანი პეტრე ღუდუშაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ეპარქიის მმართველი შეიცვალა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, მას მასთან ერთად მსახურება და დამორჩილება მოსთხოვა. დიაკვანი პეტრე ღუდუშაურის განცხადებით, ახალი მიტროპოლიტისგან აინტერესებდა თუ რა მოსაზრება ჰქონდა მას ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე და იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საპატრიარქოს მიმართ ჰქონდა, რაზეც მიტროპოლიტმა სტეფანემ პასუხის გაცემა არ ისურვა და დიაკვანს უპირობოდ დამორჩილება მოსთხოვა:

    "რატო უზრდელობო, რამდენს მელაპარაკებიო, მე ვუთხარი, აბა, რომ მეუბნები დამემორჩილე, მონა ხომ არ ვარ-თქო, მეორე დღეს წირვაზე ჩემზე ტყუილი თქვა, რომ პეტრე ღუდუშაურმა მითხრა, რომ სხვებივით გვერდში არ დაგიდგები, კერკეტი კაკალი ვარო," - განაცხადა დიაკვანმა პეტრე ღუდუშაურმა. მისი თქმით, არასოდეს ჰქონია ულტიმატუმი, რომ არცერთ მიტროპოლიტს არ დაემორჩილებოდა პეტრე ცაავას გარდა. მისი განცხადებით, სიმართლის დადგენას ითხოვს და მისთვის მიუღებელია სიმართლის მოთხოვნის გამო მაღალი იერარქებიდან წამოსული მუქარები.

    დიაკვანი პეტრე ღუდუშაური ასევე უარყოფს იმასაც, რომ გუშინ განვითარებული მოვლენებისას მრევლის მობილიზება ორგანიზებულად მოხდა. მისი თქმით, მრევლმა მხარდაჭერა თავისი სურვილით გამოხატა.

    დიაკვანი ამბობს, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტთან დაკავშირებით საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს. ან დაუმტკიცონ პეტრე ცაავას დანაშაული ან დააბრუნონ თავის ეპარქიაში მმართველად:

    "ან საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი და განიხილონ ეს საკითხი, ან დააბრუნონ მეუფე პეტრე მმართველად. აბა თუ არ უნდა რომ გაირკვეს სიმართლე, მაშინ უკანონოდ ჰყავთ დასჯილი," - განაცხადა დიაკვანმა პეტრე ღუდუშაურმა.
    421 ნახვა
    9-03-2021, 09:44