GOGA.TV
  • სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა პროდუქტიული იყო

    ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერებს ესაუბრა.

    მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა, საბოლოო შედეგის მისაღწევად მოლაპარაკებები გაგრძელდება.

    "ყველას ესმის, რომ ეს საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესია. ჩვენი მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ოპოზიციის ამოცანა ამ პროცესში არის შედეგის დადება. დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ იყო პროდუქტიული, მაგრამ, ცხადია, რომ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება.

    საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას. ცხადია, ეს მოითხოვს კომპრომისებს და, იმედია, ეს ყველას ესმის,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

    "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის პოზიტიურად არის განწყობილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.

    "უკვე კონკრეტიკაზეც შევძელით ლაპარაკი. არ შემიძლია ვილაპარაკო დეტალებზე და შინაარსზე. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მედიატორები ისეთ წინადადებას შესთავაზებენ ორივე მხარეს, სადაც იქნება გამარჯვებული, დამარცხებული ან დაზარალებული. ეს არ არის ამ ტიპის მოლაპარაკებები. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე. პოლიტიკა ნიშნავს კომპრომისებს, შეთანხმებები და მოლაპარაკებები ნიშნავს დათმობებს და მე მაქვს მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება და ორივე მხარე გავითვალისწინებთ ამ დიდ ინტერესს და ყურადღებას ევროკავშირისგან და შევძლებთ დათმობებით და კომპრომისებით ეს ქვეყანა წინ წავიყვანოთ,"-აცხადებს სამნიძე.

    შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს.
    101 ნახვა
    14-03-2021, 11:52