GOGA.TV
აპრილის 7 მოვლენა, რომელიც ყველაზე იმოქმედებს - რა უნდა იცოდეთ მათზე?
  • აპრილის 7 მოვლენა, რომელიც ყველაზე იმოქმედებს - რა უნდა იცოდეთ მათზე?

    აქტიური და საინტერესო თვე გველოდება, უსიამოვნებები და კონფლიქტები ნაკლები იქნება. ახლა მზე ვერძის ზოდიაქოშია (სადაც დარჩება 19 აპრილამდე) და ყველა ვერძს გილოცავთ თქვენი პირადი ახალი წლის დაწყებას. საინტერესო მოვლენებით დატვირთული წელი გქონოდეთ. ვერძის გავლენით ყველას გირჩევთ, იყოთ ინიციატივიანი, აქტიურად იმოქმედოთ, გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. გახსოვდეთ, რომ თქვენ გარდა სხვა ვერც გადაწყვეტილებას მიიღებს და ვერც საქმეს გააკეთებს. ნუ დაჯდებით და დაელოდებით, რომ რაღაც თავისით მოგვარდება ან გაკეთდება, არა, უნდა იაქტიუროთ.

    აპრილის მოვლენები მოკლედ ასე განვითარდება:

    პლანეტა მერკურის გადასვლა ვერძში 4 აპრილს, სადაც ის 19 აპრილამდე დარჩება და მერე კუროში სტუმრობა, სადაც 4 მაისამდე გაჩერდება

    4 აპრილამდე მერკურის გავლენით ვართ მეოცნებეები, შეიძლება ყველა ინფორმაციას ბოლომდე, სრულად ვერ ვგებულობთ. გვიტაცებს პოეზია, შემოქმედება და იდუმალება. აი, ანალიტიკურობა და ლოგიკურობა 4 აპრილიდან გველის; ადამიანებში მოიმატებს სწრაფად აზროვნება, გვექნება ახალი იდეები, სწრაფად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ფიქრიდან მალევე გადავალთ ქმედებაზე. არ დაგვჭირდება დეტალების ახსნა, ყველა შეძლებს სიტუაციაში სწრაფად გარკვევას. მეტყველებაც კი აჩქარებული იქნება; მოიმატებს გონებამახვილობა, ორატორობის სურვილი. თუმცა, ამასთანავე მოიმატებს კამათის, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი და ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთმანეთს სათქმელი უნდა დავასრულებინოთ, არ გავაწყვეტინოთ ჩვენი კომენტარებით. აგრეთვე, მოვერიდოთ უხეშობას მეტყველებისას.

    ახალმთავრეობა 12 აპრილს, 6:30 საათზე ვერძის 23-ე გრადუსში გველოდება

    ეს არის მთვარის ახალი თვის დასაწყისი. ამ პერიოდისთვის უნდა განემზადოთ ახალი საქმეების დასაწყებად. გამოავლინოთ სერიოზულობა და პასუხისმგებლობა, თუ რა თქმა უნდა, გამარჯვება გსურთ. იყავით მიზნამიმართული, ყველა სფეროში გელით წარმატება და მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ. თუმცა, ამ მოვლენის შესახებ მომავალში დაწვრილებით დავწერთ.

    პლანეტა ვენერა ვერძში განაგრძობს ყოფნას და 14 აპრილს გადავა კუროში

    ახლა ჩვენი გრძნობები მეტად აქტიური, ვნებიანი, ცეცხლოვანი და ამბიციურია. ადამიანები თავად ირჩევენ ვისთან და როგორი ურთიერთობა სურთ. აი, 14 აპრილიდან ვენერა თავისი მმართველობის ნიშანში - კუროში გადაინაცვლებს. აქ მას სურს სერიოზული, სტაბილური ურთიერთობები, მატერიალური კეთილდღეობა ბედნიერებასთან ერთად. მას სურს ძვირად ღირებული ნივთების გაცემაც და მიღებაც.

    აქვე, ვისაც დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, გეტყვით, რომ ყველაზე ბედნიერი და ძლიერი პერიოდი სიყვარულისთვის არის 14 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით. თუმცა, დღეები 19, 30 აპრილი და 4 მაისი გამონაკლისია, ამ დღეს ქორწინება, ნიშნობა ან ჯვრისწერა არ დაგეგმოთ. ამასთან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქორწილის დღე უნდა აირჩიოთ თქვენი პირადი რუკის მონაცემების მიხედვით.

    მარსი ახლა ტყუპშია, 4 მარტს ესტუმრა, 23 აპრილს კი კირჩხიბში გადავა

    მარსი ტყუპში არის მოქნილი, ენა აქვს - გაქნილი, კარგი ორატორი და გამყიდველია. 23 აპრილამდე მომატებული იქნება ფიზიკური აქტიურობა, გადაადგილების სურვილი, გახშირდება კონტაქტები. მარტივად შეძლებთ ახალი პროექტების რეალიზებას. თუმცა, გირჩევთ, საჭესთან ფრთხილად იყოთ. 23 აპრილიდან მარსი კირჩხიბში გადავა (11 ივნისამდე). აქ წყლის სტიქიაში ის უფრო შენელებული და ემოციურია. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, პროექტი ამ დროისთვის დაასრულეთ. მერე უფრო საოჯახო, საბინაო, სააგარაკო საქმეების შესრულება მოგიწევთ. ამ პერიოდში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ნათესავებთან. განსაკუთრებით დედასთან. კარგი იქნება, თუ აღადგენთ ოჯახურ ტრადიციებს და მეტად იზრუნებთ ნათესავების კეთილდღეობაზე.

    27 აპრილს, 7:31-ზე გველოდება სავსემთვარეობა მორიელის 8 გრადუსში

    ამ დღეს მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს. მომატებული იქნება მოულოდნელობები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას სასიყვარულო პარტნიორებთან. დაკვირვებულად მოაგვარეთ საკუთარი და პარტნიორის ფინანსური, საბანკო და სამემკვიდრეო საკითხები. აქვე უნდა გითხრათ, რომ 27 აპრილს სუპერსავსემთვარეობა გველოდება, ეს კი ნიშნავს, რომ მთვარე მაქსიმალურად მოახლოებული იქნება დედამიწასთან; იქნება ჩვეულებრივზე დიდი და კაშკაშა; შეფერილობით კი ცოტა მოწითალო.

    პლუტონი რეტროგრადულ სვლაში გადავა 24 აპრილს და 6 ოქტომბრამდე უკანამავალი იქნება თხის რქის 27-ე გრადუსში

    თხის რქა არის კონსერვატიული ნიშანი, მას უჭირს სიახლეების მიღება და უკვე მიჩვეულთან განშორება. აი, პლუტონი კი პირიქით, მომართულია ტრანსფორმაციაზე. ამიტომ, ეს რეტროსვლა დაგვეხმარება ტრანსფორმაციები მეტად უმტკივნეულოდ და, რა თქმა უნდა, დაკვირვებულად განვახორციელოთ.

    და აპრილის ბოლო მოვლენაა - მზისა და ურანის შეერთება კუროში 30 აპრილს

    ურანი არის მოულოდნელობების პლანეტა. შეიძლება დაგებადოთ ახალი, ორიგინალური იდეები, შეიძლება მოგეცეთ იმ მიზნის განხორციელების შანსი, რაშიც ადრე შეზღუდული იყავით. მეტად გამოავლინოთ ორიგინალურობა, უნიკალურობა, რევოლუციონერობა. გამორიცხული არაა, რომ აითვისოთ კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიები: კომპიუტერიზაცია, ავტომატიზაცია, რობოტიზაცია...

    ბედნიერ და წარმატებულ აპრილს გისურვებთ!

    წყარო: intermedia.ge
    173 ნახვა
    31-03-2021, 00:32