GOGA.TV
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი და ახალი დოკუმენტი
  • მოლაპარაკების მორიგი რაუნდი და ახალი დოკუმენტი

    "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება, მოლაპარაკებების მაგიდაზე კი დოკუმენტის ახალი ვარიანტი დაიდება - ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები ეხმაურებიან.

    "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

    "გიორგი ვაშაძე თავისი ინიციატივით, ასევე ჩვენი პარტნიორების ჩართულობით აწარმოებდა გარკვეულ მოლაპარაკებებს, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებთ. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ იქით კვირიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ განახლდეს მოლაპარაკებების რაუნდი. გიორგი ვაშაძემ შესაძლებლად დაუშვა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზის შესახებ ჩანაწერის არსებობა,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

    ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით უახლოეს პერიოდში დასრულდება. შეგახსენებთ, ოპოზიციისთვის უცვლელ მოთხოვნად კვლავ რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლება რჩება.

    "ძალიან კარგია თუ დანიელსონის ვიზიტი შედგება და კვლავ დაიწყება ეს მოლაპარაკებები. ჩვენთვის ჯერ უცნობია საერთოდ რა შინაარსის დოკუმენტი იქნება. იქნება ახალი დოკუმენტი თუ ისევ ძველზე მოგვიწევს საუბარი. დაველოდოთ, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ ჩვენი პარტიის სახელით, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, ოღონდ ამისთვის უნდა იყოს მზაობა ხელისუფლების მხრიდან და ამ მზაობის დასანახად პირობა არის რომ პოლიტპატიმრებმა დატოვონ საპყრობილე,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

    "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ ბრიუსელიდან გზავნილი მალე იქნება:

    "გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან რეგულარული კომუნიკაცია მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკება და როდის იქნება ჯერჯერობით ინდიკაცია არ გვაქვს. ამიტომ ველოდებით და იმედი გვაქვს რომ ბრიუსელიდან იქნება გზავნილი ძალიან მალე. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ პუნქტებში, თავიდან რაც იქნა შეთანხმებული პრეზიდენტ მიშელთან, მასში იყო 5 პუნქტი, მასში იყო რიგგარეშე არჩევნებიც და პოლიტიკური დევნის დასრულებაც და დანარჩენი თემები, ყველა ამ საკითხზე უნდა შედგეს შეთანხმება," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
    119 ნახვა
    9-04-2021, 01:34