GOGA.TV
გაჩნდა ვარაუდი, რომ სამგლოვიარო ცერემონიალს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ დაესწრებიან
  • გაჩნდა ვარაუდი, რომ სამგლოვიარო ცერემონიალს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ დაესწრებიან

    ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი გუშინ 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც The Independent წერს, ტრადიციის მიხედვით, დედოფლისა და სამეფო ოჯახისთვის 8-დღიანი გლოვა დაიწყო.

    დაკრძალვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ცერემონია, სავარაუდოდ, წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, დაკრძალვას მხოლოდ 30 ადამიანი უნდა დაესწროს.

    გარდაცვლილი ჰერცოგის შვილიშვილისთვის, პრინცი ჰარისთვის და მისი ცოლისთვის, რომლებიც ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობენ, ლონდონში ჩასვლა გარკვეულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, რადგან პანდემიის გამო საერთაშორისო ფრენებზე რეგულაციები ყველა ქვეყანაშია დაწესებული.

    ჩავლენ თუ არა ჰარი და მეგანი დაკრძალვისთვის ლონდონში

    მას შემდეგ, რაც წყვილმა უარი განაცხადა სამეფო ოჯახის საქმიანობაზე, გაჩნდა ვარაუდი, რომ სამგლოვიარო ცერემონიალს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ დაესწრებიან.

    თუმცა, ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრინცი ჰარი ყველაფერს გააკეთებს, გარდაცვლილ ბაბუას საბოლოო პატივი მიაგოს - დაბრუნდეს დიდ ბრიტანეთში და ოჯახთან ერთად იყოს მძიმე დღეებში. თუმცა, ოჯახთან დაახლოებული პირი იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა, მეგანი ლონდონში ქმართან ერთად არ გაფრინდეს, რადგან ის ორსულად არის და მგზავრობას ექიმის კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

    წყვილი ახლა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - მას შემდეგ, რაც ოპრა უინფრისთან სკანდალურ ინტერვიუში მეგანმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ჰარის ლონდონში ჩასვლას ძმასთან და მამასთან მძიმე საუბარი მოჰყვება.
    102 ნახვა
    11-04-2021, 11:02