GOGA.TV
ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას
  • ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას

    "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოში ყოფილი დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა "მოლიპულ დაღმართზე" სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცედენტს შექმნის.

    ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას და ამაში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა შევიდეს.

    თორნტონს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა ვერ გადალახეს ის, რომ მმართველობა ნულოვანი ჯამის პრინციპით არ შეაფასონ. გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ოპონენტი უნდა გაანადგურო. მისი აზრით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ მას პოლიტიკური ნება სჭირდება, რის მონახვაც რთულია.​

    ლორა თორნტონთან ინტერვიუ "ამერიკის ხმამ" ჩაწერა.

    "პირველ ყოვლისა, იმას ვიტყვი, რომ საქართველოს არჩევნებზე არაერთი ანგარიში გამოიცა და ანგარიშებმა დაგვანახა, რომ არჩევნებში სერიოზული პრობლემები იყო. თუმცა, მჯერა, რომ ამ პრობლემების ნაწილი, დიდწილად, არა უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე პერიოდს უკავშირდება.

    ჩემი აზრით, საქართველოში ორი ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემა სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და დაშინებაა. საქართველოს საარჩევნო კანონი, საერთაშორისო გადმოსახედიდან, ასე თუ ისე ნორმალურია. მე ცესკოს შემადგენლობას შევცვლიდი, მაგრამ ამის გარდა, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება საჭირო არ არის. ის, რაც გასასწორებელია, ძირითადად, ცესკოს მიერ მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით იქნებოდა შესაძლებელი. დიდი პრობლემების მოგვარებას კი დიდი დრო დასჭირდება.

    მაგალითად, რატომ ჰგონიათ საჯარო მოხელეებს, რომ მმართველი პარტია თუ არ გაიმარჯვებს მათ სამსახურებიდან გაათავისუფლებენ. ეს კვლავ იმ ნულოვანი ჯამის პრინციპს უკავშირდება, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ. ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების, დაახლოებით, 50 პროცენტი საჯარო სამსახურშია, მათ არ უნდა ეშინოდეთ არჩევნების შედეგების. ამ ადამიანების დაშინებას დიდი ძალისხმევა არ უნდა. მაგალითად, მასწავლებლებთან არჩევნების წინ სკოლის დირექტორი შედის და ეუბნება, რომ ხმა "ქართულ ოცნებას" უნდა მისცენ. ეს დაშინებაა და ამას კანონით ვერ შეცვლი. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია და ეს ცესკოს შემადგენლობის შეცვლით უნდა დაიწყოს. მაგრამ ზოგიერთი ცვლილება დღესვე რომ იქნას შეტანილი და ერთ თვეში არჩევნები ჩატარდეს, არ მგონია დიდად განსხვავებული შედეგი მივიღოთ.

    არ მგონია სხვა შედეგი დადგეს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი ამას აჩვენებს. მაგრამ მეორე მხრივ, იმ გრძელვადიანი პრობლემების გამოსწორება რომ დავიწყოთ, როგორებიცაა მაგალითად, სახელმწიფო რესურსის გამოყენება და დაშინება და რომლებსაც დიდი დრო სჭირდება, არჩევნები გაცილებით კონკურენტული იქნება. ასევე, თუ მოხდა დეესკალაცია მედია გარემოში, არჩევნები მაშინაც უფრო კონკურენტული იქნება. ასევე დიდი გამოწვევაა თანასწორი თამაშის წესების ქონა, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. ამიტომ, არ მგონია. ძალიან ცოტაა ისეთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არჩევნების შედეგებს ისე გამოასწორებდა, როგორც ეს შესაძლოა ოპოზიციას სურდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებლების პოზიციებიც. საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომლებიც პარალელურ დათვლას აწარმოებდნენ, არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვალეს და თქვეს, რომ "ქართული ოცნება" მარტივ უმრავლესობას მოიპოვებდა. ფართო კონტექსტს რომ დავუბრუნდე - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, როცა ფარომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პანდორას ყუთს ხსნის.

    ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი," - განაცხადა თორნტონმა.

    "ამერიკის ხმის" კითხვაზე, მისი აზრით, რა უნდა მოხდეს ახლა? ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აგრძელებს. მოლაპარაკებების ორი რაუნდი ჩავარდა. პოლარიზაცია ღრმავდება. რის გაკეთება შეუძლია ოპოზიციას - დარჩეს გარეთ და ისე გააგრძელოს ბრძოლა თუ შევიდეს პარლამენტში და იქიდან შეცვალოს სიტუაცია?

    რაზეც თორნტონი პასუხობს, რომ მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს.

    "ზოგადად, გლობალური გადმოსახედიდან, პარლამენტის ბოიკოტები სარისკო საქმეა და ისინი იშვიათად აღწევს მიზანს, რომლის შესასრულებლადაც ისინი დაიწყეს. ვფიქრობ, ბოიკოტის გამოცხადებით, ოპოზიციის თავდაპირველი მიზანი ის იყო, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა წარმოეჩინათ ერთპარტიულ, არადერმოკრატიულ მმართველობად. შეიძლება მათ ამ მიზანს მიაღწიეს. მაგრამ გასათვალისწინებელი ის არის, რომ საზოგადოებას ბოიკოტი, როგორც წესი, არ მოსწონს. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესობა ბოიკოტს მხარს არ უჭერს. ოპოზიციას სჭირდება საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებისა და დიდი პოლიტიკური გზავნილის ბალანსი.

    ჩემთვის არავის აუხსნია რა იყო პარლამენტის ბოიკოტის მიზანი. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაზე ცუდი იმიჯის შექმნა ყოფილიყო და ამაში ოპოზიციამ მიზანს ვფიქრობ მიაღწია. ვიტყოდი, რომ ბოიკოტი ამ მოლაპარაკების ნაწილია, რადგან "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამიტომ, მთავრობა პირველი მხარე უნდა იყოს, რომელიც ნაბიჯს გადადგამს, იქნება ეს პატიმრების გათავისუფლება, გენერალური პროკურორის დანიშვნა თუ ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით დანიშვნა. მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს," - განაცხადა თორნტონმა.
    90 ნახვა
    14-04-2021, 00:53