GOGA.TV
  • ხმაური იმერეთის სამხარეო პოლიციასთან

    ხმაური იმერეთის სამხარეო პოლიციასთან - გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ახალგაზრდების ახლობლები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან ქუჩა გადაკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა თავად ბრალდებულები სულ ცოტა ხნის წინ სპეციალურმა ეკიპაჟებმა გაიყვანეს - მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სასამართლო სხდომა დატოვეს, ასევე, მათმა უფლებადამცველებმა.

    "კურიერთან" საუბარში ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი კანონდარღვევებით მიმდინარეობდა. ისინი ითხოვდნენ, გადადებულიყო პროცესი, ვინაიდან საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობდნენ. მათი განცხადებით, თავად მოსამართლეც ვერ მოასწრებდა საქმის მასალების გაცნობას ამ პერიოდში.

    "შუამდგომლობის განხილვის პროცედურა დაწყებული არ იყო. ვიდრე დაიწყებოდა, ჩვენ გვქონდა 4 შუამდგომლობა დაყენებული, პირველ რიგში - მოსამართლის აცილების შესახებ, პროკურორის აცილების შესახებ, შემდეგ მოვითხოვეთ გონივრული ვადა მასალების გაცნობასთან დაკავშირებით, რაზეც უარი გვითხრა და ბოლოს დავაყენეთ შუამდგომლობა მოსამართლის აცილების, თავიდან. არ ვაპირებდით გირაოს შეთავაზებას, ვინაიდან სამართლებრივად არ არსებობდა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მოვითხოვდით, გვინდოდა დაგვეყენებინა ყველანაირი აღკვეთი ღონისძიების გარეშე მათი დატოვება," - აცხადებს ადვოკატი დალი სულაქველიძე.

    რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ის აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.

    დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები 6 ადამიანის დაკავებას აპროტესტებენ. ერთ-ერთი დაკავებულის რეზო წულუკიძის მეუღლე ამბობს, დაკავებულებს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენიათ.

    "გადაგვთელეს. ელემენტარულად, სიტყვიერად რომ გვითხრან, ხომ შეიძლება რომ რაღაცა გავაკეთოთ?! მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბატონ ავთანდილს, მე - რეზო წულუკიძის ცოლი და არა რეზო წულუკიძის სახელით, მთელი ჩემი ძმების სახელით მინდა მივმართო: თუ არ დაამტკიცებს, რომ ამ ბიჭებმა თითქოსდა კასტეტები და ქვები ისროლეს, მე, რეზო წულუკიძის ცოლი, ბოლო სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებ. მე ამ ადამიანს, ავთანდილს, პირადად ვთხოვ, დამიმტკიცოს, რომ თითქოს და ამ ბიჭებმა გამოიყენეს კასტეტები და ქვები," – განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.

    აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ დაპირისპირებას აანონსებენ. მათი დაკავებით, ახალგაზრდები უსამართლოდ არიან დაკავებულები.
    63 ნახვა
    16-04-2021, 11:48