GOGA.TV
ვინ მოაწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს
  • ვინ მოაწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს

    "ლელო" შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერს. ევროკავშირის მედიაციით შექმნილ განახლებულ შეთავაზებას უკვე ორი პარტიის მხარდაჭერა აქვს. "ლელომდე" პირველი იყო "გირჩი", რომელმაც დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

    წინადადებათა პაკეტს ეთანხმება "სტრატეგია აღმაშენებელიც", გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეს არის ფანჯარა, რომელიც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს.

    დოკუმენტს ხელს მოაწერს "ევროპული საქართველოს" სიით გასული შალვა შავგულიძე. ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას ამავე სიით გასული არმაზ ახვლედიანიც, რომელიც ამბობს, რომ მზადაა, დოკუმენტს შეუერთდეს, თუ მას "ქართული ოცნების" ხელმოწერაც ექნება.

    ამ მოცემულობით დოკუმენტს სავარაუდოდ ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ: "სტრატეგია აღმაშენებლიდან": გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე.

    "ლელო საქართველოსთვის" წევრებიდან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

    "გირჩის" ლიდერებმა: იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი უკვე მოაწერეს და დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

    "რესპუბლიკური პარტიიდან": ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

    "ევროპული საქართველოს" სიით არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

    აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უკვე შევიდნენ "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრები და "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლები: დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე.

    ასევე საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

    პარლამენტში ოპოზიციის ადგილები დაიკავეს "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა და "გახარიას გუნდის" მომავალმა წარმომადგენლებმა" გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

    ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

    დოკუმენტის მიხედვით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

    ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.
    95 ნახვა
    19-04-2021, 09:43