GOGA.TV
დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო
  • დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო

    ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა სპექტრმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა უნდა განიხილოს.

    როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დროა, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო.

    "მხოლოდ ბოიკოტი ვეღარ არის საკმარისი საფუძველი ერთობისთვის. ერთობა მუდმივად ცვალებად საფუძვლებს მოითხოვს და ეს დამატებითი ფაქტორი, ამიტომაც მე ვთვლი და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომ ჩვენ აქამდე ვიყავით გაერთიანებული პოლიტპატიმარ ნიკა მელიას გარშემო და ახლა უნდა ვიყოთ გაერთიანებული მერობის ერთიან კანდიდატ ნიკა მელიას გარშემო - ეს არის ჩემი პრინციპული იმიტომ, რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ოპოზიციას შეუძლია კოალიციური მუშაობა," - განაცხადა პოლიტიკოსი გიგი უგულავამ.

    ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ნებისმიერ არჩევნებზე ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი იქნება, თუმცა ეს საკითხი საერთო ფორმატში უნდა გადაწყდეს და თუ მოხდება საერთო კანდიდატზე შეთანხმება, საკითხი პარტიის შიგნითაც და სხვა პარტიებთანაც კონსულტაციების სახით უნდა იქნას განხილული.

    "ევროპული საქართველოს" გენმდივნის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, კონკრეტულად რომელი პიროვნების მიმართ შედგება შეთანხმება, ამას მომავალი აჩვენებს, ხოლო "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრ სერგო ჩიხლაძის თქმით, პარტიას ამ ეტაპზე საკითხზე მსჯელობა არ დაუწყია.

    "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იმსჯელებენ და საზოგადოებას მალე ეცოდინება, რა ფორმით წარდგება "ლელო" თვითმმართველობის არჩევნებზე.

    "ამ მომენტისთვის ეს არის ერთი პოლიტიკოსის ინიციატივა, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვიმსჯელია. შესაძლებელია აქ იყოს სხვა პერსპექტივა, შესაძლებელია სრულიად სხვა კონფიგურაცია აირჩიოს "ლელომ", ამის თაობაზე ჩვენ ვიმსჯელებთ დემოკრატიულად პოლიტსაბჭოს ფორმატში და ბუნებრივია საზოგადოებას ძალიან მალე ეცოდინება თუ რა ფორმით და როგორ წარვდგებით თვითმმართველობის არჩევნებზე. მთავარია ჩვენი შემართება, რომ წარვდგეთ ძალიან ძლიერად და მოვიგოთ ეს ბრძოლა და ეს ქალაქი დავიხსნათ "ქართული ოცნების" კლანჭებისგან," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
    175 ნახვა
    19-04-2021, 10:47