GOGA.TV
ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად - ევროკავშირი
  • ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად - ევროკავშირი

    ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის განხორციელებაში.

    "გულითადად მივესალმებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. დღეს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერნი შევიდნენ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების სახელით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხის მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვალდებულების განსახორციელებლად თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა.

    ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე,"- ნათქვამია განცხადებაში.
    131 ნახვა
    28-04-2021, 09:53