ე.წ. კომენდანტის საათი შემცირდა - შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.

ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე, კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში.

აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე; ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება"- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
239 ნახვა
17-05-2021, 09:22