GOGA.TV
ინდური შტამით ინფიცირებული პირებიდან 2 ქართველია, 3 კი უცხოელი
  • ინდური შტამით ინფიცირებული პირებიდან 2 ქართველია, 3 კი უცხოელი

    დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში ინდური შტამის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 3 უცხოელი, რომლებმაც საქართველო უკვე დატოვეს, 2 კი ქართველი, რომლებიც იზოლირებულები არიან.

    ინდური შტამით დაინფიცირებული უცხოელები საქართველოში შემოვიდნენ ნეგატიური PCR ტესტით, თუმცა უკან დაბრუნებისას ჩატარებული სავალდებულო ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ კორონავირუსი ჰქონდათ. ამირან გამყრელიძის თქმით, ისინი საქართველოში დაავადების საინკუბაციო პერიოდში შემოვიდნენ და ჩვენს ქვეყანაში არ დაინფიცირებულან.

    გამყრელიძის თქმით, ყველა მათგანის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია, საუბარია ერთეულ კონტაქტზე - მათი ოჯახის წევრებზე, არცერთი მათგანი ინფიცირებული არ არის.

    "დღეს საქართველოში 5 ადამიანს კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდა. მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა, 5-ვე მათგანს კი უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთში. ისინი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. ყველა მათგანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამმა უცხოელმა ქვეყანა უკვე დატოვა. საქართველოს მოქალაქეები კი სახლის პირობებში არიან იზოლირებულები. მათი კონტაქტებიც გამოკვლეულია და ისინიც იზოლირებულები არიან.

    ინდური და სხვა შტამების დასადგენად, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური PCR ტესტები,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
    106 ნახვა
    28-05-2021, 10:02