GOGA.TV
"თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს კელი დეგნანი
  • "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს კელი დეგნანი

    მოახლოებულ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს კელი დეგნანი და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში კონსტიტუცია უზრუნველყოფს და შესაბამისმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ადამიანების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული იყოს.

    "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შეხვედრებს მართავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. ჩვენ საუბარი გვქონდა რამდენიმე ორგანიზაციასთან იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან. გაერო, საქართველოს კონსტიტუცია, შეერთებული შტატების კონსტიტუცია, ყველა მათგანი იცავს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. პოლიციას კი პასუხისმგებლობა აქვს უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობა და ის, რომ ამის გამო ადამიანებს თავს არ დაესხნენ ან დაემუქრონ.

    ვფიქრობ, გააზრებულია ეს პასუხისმგებლობა, რომ მათ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობენ თავიანთი ფუნდამენტური თავისუფლებებით, ხელი არ უნდა შეეშალოთ მუქარებით. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებსაც თავიანთ გულებში იმდენად ბევრი სიძულვილი აქვთ, რომ ადამიანებზე მუქარებსა ან თავდასხმებს განიხილავენ. ეს ძალიან სამწუხაროა და ნამდვილად არაა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია თავის მოქალაქეებს ჰპირდება,“ - აცხადებს კელი დეგნანი.

    სახალხო დამცველი კი იმედოვნებს, რომ "თბილისი პრაიდი" ფიზიკური თავდასხმის გარეშე ჩაივლის და პრაიდის მონაწილეები და ორგანიზატორები შეძლებენ მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი სათქმელი.

    “პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები არის მოსაგვარებელი, ვინაიდან გვესმის ძალადობრივი მოწოდებები და გეგმები გარკვეული ჯგუფის მხრიდან. ამიტომ, პრევენციული ღონისძიებები აქვს დასაგეგმი სამართალდამცავ ორგანოებს და რა თქმა უნდა, მოქალაქეების უფლება რომ მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ თავისი აზრი, ვრცელდება ყველა მოქალაქეზე,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.
    82 ნახვა
    30-06-2021, 10:32