GOGA.TV
პოლიტიკოსების საქმეები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სასამართლოში განახლდა
  • პოლიტიკოსების საქმეები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სასამართლოში განახლდა

    პოლიტიკოსების გახმაურებული საქმეები - რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განახლდა. ასევე, დღეს გაიმართა გიგი უგულავას პროცესიც.

    ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს 3 მოწმე წარმოადგინა, ერთ-ერთი იყო ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც 2007 წლის პერიოდი გაიხსენა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში ბიზნესმენების ბრალეულობა არსად არ იკვეთება. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ 2007 წლის ტრანზაქციებში ავთანდილ წერეთლის სახელი არსად იკვეთება. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ გრძელდება დავა.

    ბრალდებულები კი ამ პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

    "ყველა მოწმე, საჩვენო ჩვენებას აძლევს და ადასტურებენ, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ასე რომ ყოფილიყო, თავის დროზე უნდა დავჯარიმებულიყავით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე.

    საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ დღეს მნიშვნელოვანი მოწმე გამოიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს სესხების გაცემას უკრძალავდა.

    "ჩვენ ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, რომელიც საქმის მოწმე იყო, მნიშვნელოვანი წერილები გამოვიკვლიეთ. რომლითაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს, ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს სესხების გაცემას უკრძალავდა. ამას მოჰყვა ის, რომ შერჩეული იყო ერთ-ერთი თვალთმაქცური კომპანია, რომლის სახელზეც გაიცა სესხები,"- აცხადებს საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.

    გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით კი, დღეს ბრალდების მხარემ ექსპერტი გამოკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ძიუდოისტ ბადრი გავაშელის შვილს, დაზიანებები სავარაუდოდ ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ეს ბლაგვი საგანი - მისი მუშტი იყო. პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება ამ დრომდე სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოღება. გიგი უგულავა მისი საქმის განხილვის გაგრძელებას, ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირებს.

    "პროკურატურამ გრენლანდია აღმოაჩინა. მოიყვანა ექსპერტები თავისი უწყებიდან, რომლებმაც თქვეს, რომ თურმე, ჩემი მუშტი ბლაგვი საგანია. სინამდვილეში, ეს არის პირადად ივანიშვილის დავალება და მისი შურისძიება, რომლისთვისაც სახელმწიფო ორგანოები გამოიყენა,"- აცხადებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა.
    86 ნახვა
    2-07-2021, 11:04