ბუმბერაზი ქართველი ბარიტონი ოპერის დიდ სცენაზე

ბუმბერაზი ქართველი ბარიტონი ოპერის დიდ სცენაზე მეტროპოლიტენ ოპერის 2017-2018 წლის სეზონის პროგრამაში აღმოაჩენთ ორ საუკეთესო ოპერას, პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსება" ( Cavalleria Rusticana ) და რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზები" (Pagliacci), სადაც პირველში ალფიოს, ხოლო მეორეში ტონიოს როლს ქართველი ბარიტონი - გიორგი გაგნიძე ასრულებს. უდავოდ მოიხიბლებით მისი ხმით, მოქმედების მანერითა და სამსახიობო ნიჭით.
პროლოგი, რომლითაც ოპერა "ჯამბაზები" იწყება, ტონიო გამოანათებს და ეგრევე მაყურებლის ყურადღებას იპყრობს. ხმა და რა ხმა, დაუვიწყარი, ერთხელ რომ მოისმენ და მერე ყველასგან განასხვავებ.
"სამი წლის ვიყავი როცა დედამ ფოტოგრაფთან მიგვიყვანა მე და ჩემი 5 წლის და, სურათის გადასაღებად. დაგვსვეს ერთად და მე პატარა სათამაშო გარმონი მომაწოდეს. დედას თქმით, ძალიან მომწონებია და ხელს აღარ ვუშვებდი თურმე. თან ისეთი ტირილი ამიტეხავს რომ დედაჩემის მოწიწებული თხოვნით ფოტოგრაფმა, დიდი ყოყმანის შემდეგ გარმონი მოგვყიდა. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი,"- უყვება "GogaTV"-ის ბატონი გიორგი და თან ეღიმება.
შემდეგ იყო სიმღერები საყვარელ დასთან ერთად და მუსიკისადმი დიდი სიყვარული. მამის მეგობრის, რობერტი ჭანჭალეიშვილის დაჟინებული თხოვნით, რომელიც დარწმუნებული იყო გიორგის ტალანტში წაიყვანეს კონსერვატორიის პროფესორთან დიზი ხელაშვილთან, სადაც აღმოაჩინეს რომ მას არაჩვეულებრივი საოპერო ხმა ჰქონდა.
უკვე მესამე კურსის სტუდენტის დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. ამის შემდეგ თითქმის ათი წლის მანძილზე ასრულებდა წამყვან პარტიებს თბილისის ოპერაში. აქ იმღერა ვერდის "ტრავიატა", "ბალ–მასკარადი", ბიზეს "კარმენი", ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", ასევე ქართული ოპერები – "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე".
საერთაშორისო აღიარება იტალიაში ქალაქ ბუსეტოში 2005 წელს გამართულმა "ვერდის ხმების" ფესტივალმა მოუტანა.
თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს ნამღერი: საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, ჩინეთი. რვა წელია რაც მსოფლიოს წამყვან საპერო თეატრებში მღერის, "მეტროპოლიტენ ოპერაში," "ლა სკალაში" და სხვა.
2012 წლის 6 ნოემბერს გიორგი გაგნიძემ "ლა სკალაში" ჟილბერტ დეფლოს კლასიკურ რეჟისურაზე ახალგაზრდა ვენეციელი დირიჟორის გუსტავო დუდამელის ხელმძღვანელობით "რიგოლეტო" იმღერა. ამ სპექტაკლმა 2012 წლის "Grammy" აიღო.
ასე აგრძელებს სახელის მოხვეჭას და აწი უკვე მთელ ნიუ-იორკსა და ამერიკას ამახსოვრებს თავს.
გიორგის არაჩვეულებრივი ოჯახი: მეუღლე - მაია გოგოლაძე და ორი შვილი ჰყავს, რომლებიც ყველაზე მეტად გულშემატკივრობენ მას.
"GogaTV" და სრულიად საქართველო წარმატებებს უსურვებს, სამშობლოს სასახელოდ.
მეტი წარმატებული ქართველი უცხოეთში, უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს საქართველოს.

ბუმბერაზი ქართველი ბარიტონი ოპერის დიდ სცენაზე
ბუმბერაზი ქართველი ბარიტონი ოპერის დიდ სცენაზე
ბუმბერაზი ქართველი ბარიტონი ოპერის დიდ სცენაზე
ბუმბერაზი ქართველი ბარიტონი ოპერის დიდ სცენაზე
ბუმბერაზი ქართველი ბარიტონი ოპერის დიდ სცენაზე


ავტორი: ცისნამი საყვარლიშვილი
3 357 ნახვა
GOGA.TV © 2005