თურქეთში კინორეჟისორ გიორგი გერსამიას ფილმების ჩვენება გაიმართა » GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია
goga.tv
Goga.tv
gzavmili
7
თურქეთში კინორეჟისორ გიორგი გერსამიას ფილმების ჩვენება გაიმართა

თურქეთში კინორეჟისორ გიორგი გერსამიას ფილმების ჩვენება გაიმართა

ქალაქ სტამბულში ქართველი კინორეჟისორის გიორგი გერსამიას ფილმების „პურის სუნი“ და „ საქმე 0011“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ როგორც ქართველი ემიგრანტები, ასევე თურქი მაყურებლებიც. ღონისძიება გაიმართა ასოციაცია „აისი“-ს ორგანიზებით, რომლის დამფუძნებლები არიან ეთნიკურად ქართველი, მელანი თურქმენი და მისი ვაჟი გიორგი ჭანკვეტაძე.

„ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჰიმნით გაიხსნა. ორგანიზატორი ქალბატონი მელანი თურქმენი გახლდათ. რაც შეეხება ფილმებს, „პურის სუნში“ მთავარი აქცენტი გაკეთებული მაქვს იმ საკითხზე, რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი და ყოველდღიური ფიქრის თემაა. ადამიანებს მრავალი გზით უწევთ შრომა და ფულის შოვნა. აქედან გამომდინარე, მათ მიერ სახლში მიტანილ პურსაც სხვადასხვა სუნი აქვს. რაც შეეხება „საქმე 0011“-ს, ფილმის მთავარი გმირი საბჭოთა დროის მწერალი კონსტანტინე მანიაა, რომელიც ახალი წიგნისთვის სიუჟეტების უკეთესად აღსაწერად ნებაყოფლობით ჯდება სიკვდილმისჯილთა საკანში, რომ ყველა ის განცდა შეიგრძნოს, რასაც სიკვდილმისჯილები განიცდიან. ამის შესახებ მხოლოდ მან და გამოცდილმა ციხის უფროსმა იცის. მისი იქ ყოფნა მხოლოდ სამი დღით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მოულოდნელად ციხის უფროსი იღუპება და მწერალი ჩვეულებრივი სიკვდილმისჯილი ხდება.

„პურის სუნი“ „არტ პარალელის“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ჩემი მეგობრის ზურა ორთავიძის სტუდიაა. ზურა ყველანაირად გვერდში დაგვიდგა. ამ ფილმმა მოსკოვში, სპეციალური პრიზიც აიღო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, გადამღები ჯგუფი ღონისძიებას არ დაესწრო.
„საქმე 0011“ -ის გადაღება ნიკოლოზ ხომასურიძის ფინანსური მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით მოხდა და „Lost Legends” ლოგოთი გამოვა.“-ამბობს გიორგი გერსამია.

ასოციაცია „აისი“ გიორგი გერსამიასთან ერთად ახალ პროექტს გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და თურქი მსახიობები. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ლევან ჩხეიძე იქნება, რომელიც მაყურებელს სერიალ „ქერჩიდან“ და ფილმიდან „პირველი დღე განთიადის გარეშე“ დაამახსოვრდა.

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
2 156 ნახვა
12-06-2018, 16:24
GOGA.TV © 2005