X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“  ნიუ-იორკში საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება
  • ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“ ნიუ-იორკში საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

    „20 წლის ნობათი“ -ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც 16 დეკემბერს, ქართული კულტურის ცენტრ „ფესვების“ მიერ ბრუკლინში, „Roulette Intermedium”-ში იგეგმება. აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საშუალება ეძლევათ, ცენტრის მიერ, ოცი წლის მანძილზე უცხო მიწაზე დაგროვილი გამოცდილება როგორც თავის ეროვნების წარმომადგენლებს, ასევე ამერიკელებსაც გაუზიარონ და ღირსეულად წარმოაჩინონ ქართული კულტურა. თუ როგორ დაარსდა „ფესვები“ და დროთა განმავლობაში როგორ ვითარდებოდა იგი, ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი ვანო გოდერძიშვილი ისაუბრებს:

    -ბატონო ვანო, როგორც ჩემთვის ცნობილია, თავდაპირველად, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თქვენი მეუღლის შორენა ბარბაქაძის მიერ მანჰეტენზე, ერთ-ერთი ეკლესიის სატრაპეზოში იმართებოდა ქართული ცეკვის გაკვეთილები. როგორ მიხვედით ქართული კულტურის ცენტრის ჩამოყალიბებამდე?
    -თავდაპირველად, მე- 2 ავენიუზე მდებარე ეკლესიაში, ჩემი მეუღლე ოთხ მოსწავლეს ასწავლიდა ქართულ ცეკვებს.. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, გაიზარდა მსურველთა რიცხვი და საჭირო გახდა, სხვაგან გადავსულიყავით. როდესაც ჯგუფში რამდენიმე ათეული მოსწავლე გყავს, შესაბამისად ცეკვაც უფრო ლამაზი გამოდის. მუსიკის სფეროში მიღებული პროფესიული განათლების წყალობით, ცენტრს მეტი მრავალფეროვნება შევძინე და სურვილი იმისა, რომ ჩვენი შვილები ქართული „ფესვებისთვის“ არ მოგვეწყვიტა და მათი თაობის დანარჩენი თანამემამულეებიც გაეცნოთ და ერთმანეთთან დამეგობრებულიყვნენ, დღეს ნაწილობრივ შესრულებულია.

    ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“  ნიუ-იორკში საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

    -თანდათან ქართულ ცეკვას სხვადასხვა აქტივობებიც დაემატა...
    -დიახ. ბავშვებმა სხვა სფეროებშიც გამოავლინეს ნიჭი და მონაცემები. შესაბამისად, დავამატეთ ხალხური და საესტრადო სიმღერები, ქართული ენის გაკვეთილები, ხატვა, ჭადრაკი და ბოლო დროს, საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გავხსენით, რომელიც ქართველ ბავშვებს საკმაოდ შეღავათიან ფასებში ემსახურება, რათა ხელი შევუწყოთ, მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები.



    -სხვა ეროვნების წარმომადგენლები თუ გყოლიათ, რომლებიც ქართული ფოლკლორით და ცეკვით იმდენად მოხიბლულან, გადაწყვიტეს, შეესწავლათ?
    -დიახ, რა თქმა უნდა. ქართველი ებრაელები, თბილისელი სომხები და ჩინელებიც გვყოლია. ვისაც სმენია ჩვენი კულტურის შესახებ, ძალიან ბევრს მოსწონს, პატივს სცემს და სურვილს გამოთქვამს, რომ შეისწავლოს. გვქონია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ქართველ ებრაელ წყვილს ქართული ცეკვის შესწავლის სურვილით მოუმართავს, ქორწილში უნდოდა, რომ ეცეკვა. ასეთი ფაქტი თავისთავად სასიამოვნოა და ჩვენ ნებისმიერს სიხარულით დავეხმარებით.

    -ცენტრში მიღებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა ხომ არ გაქვთ?
    -არა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოგვმართოს. მინიმალური ასაკი კი ოთხი წელია.



    -რამდენად ხშირად იღებს მონაწილეობას „ფესვები“ სხვადასხვა ღონისძიებებში?
    -თუკი სადმე, ქართულ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიმე ეკლესია ღონისძიებას გეგმავს, „ფესვები“ ყოველთვის მონაწილეობას იღებს. ხშირად გვქონია საქველმოქმედო სახის კონცერტები ეკლესიის მშენებლობებისთვისაც. ასევე კომერციული სახის კონცერტებიც დაგვიგეგმავს ჩიკაგოში, პენსილვანიის, ტენესის, ფლორიდის შტატში და ა.შ. განსაკუთრებით ტენესში, ექვსი კვირის განმავლობაში ჩატარებულ კონცერტებს გამოვარჩევდი. ჩვენთან ერთად იყო ქანთრის სტილში მომღერალი, ცნობილი დოლი პარტონი, რომელიც ამასთანავე მსახიობიც გახლავთ. ზაფხულში, ბარდ კოლეჯში დაიდგა ოპერა „დემონი“, მასში ნიუ-იორკის ორკესტრიც იღებდა მონაწილეობას და ჩვენი ანსამბლიდან ქართველი მოცეკვავეებიც მიიწვიეს, რაც თავისთავად წარმატებაა. უამრავი სტუმარი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ სპექტაკლის შესახებ წერდნენ ცნობილი გაზეთები New York Times და Wall Street, სადაც შორენა ბარბაქაძის და ანსამბლის სახელი ცალკე აღინიშნა.



    -როგორც ვიცი, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც მიგიღიათ მონაწილეობა და წარმოგიდგენიათ ქართული ცეკვები. როგორი რეაქცია ჰქონდა ამერიკელ ხალხს?
    -ეს მოხდა „Couture Fashion Week”-ზე, სადაც დიმიტრი ჩხეიძემ მიგვიწვია, რომ ჩვენება გაგვეხსნა და მინდა გითხრათ, ყველა იქ მყოფი ემოციებს ვერ მალავდა, იმდენად აღაფრთოვანეს ჩვენმა მოცეკვავეებმა თუნდაც ცეკვით, ან ეროვნული სამოსით.



    -საქართველოში თუ ჩაუტარებია „ფესვებს“ კონცერტები და იქაურ ხალხს ემიგრანტი ბავშვების მიერ შესრულებული ქართული ცეკვები თუ უნახავს?
    -2015 წელს, როდესაც 13 ივნისის ტრაგედია მოხდა, სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა ჩვენი ანსამბლის ჩასვლა თბილისში. კონცერტი გრიბოედოვის თეატრში გაიმართა და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა მამა გიორგი ჟღენტის დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც სტიქიის დროს შვილი გარდაეცვალა. კონცერტები ასევე ჩატარდა ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში. საქართველოს გარდა, საგასტროლო მოგზაურობა გვქონია ჰოლანდიაშიც, კერძოდ ამსტერდამში. იქაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენმა მოცეკვავეებმა უცხოელ პუბლიკაზე.

    -16 დეკემბერს ოცი წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საახალწლო კონცერტს გეგმავთ. როგორ პროგრამას ითვალისწინებს ღონისძიება?
    -კონცერტი შედგება ოცდასამი ნომრისგან, რომლებიც მოიცავს ცეკვებს, სიმღერებს და კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობებს. მოწვეული გვყავს ქართველი თოვლის ბაბუა, ბავშვები მიიღებენ საჩუქრებს და ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ მრავალმხრივი აქტივობებით დახუნძლული ღონისძიება ყველა იქ მყოფს გაამხიარულებს და კმაყოფილს დატოვებს.

    ესაუბრა: ქეთი იმერლიშვილი
    753 ნახვა
    14-12-2018, 20:24