7
ცირა ახობაძე: თანამედროვე ხელოვნებამ აბსოლუტურად შეცვალა და ჩამოშალა ჩემი შეხედულებების კედელი
  • ცირა ახობაძე: თანამედროვე ხელოვნებამ აბსოლუტურად შეცვალა და ჩამოშალა ჩემი შეხედულებების კედელი

    მხატვარ-დიზაინერ ცირა ახობაძის ხელოვნებისადმი სიყვარული განსაკუთრებულია. ქუთაისის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, სადაც მის შემოქმედებასა და პიროვნებაზე წარუშლელი კვალი დატოვა პროფესორმა ია ფიცხელაურმა.
    2000-2002 წლებში ხელოვნების კოლეჯში ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილებაც მიიღო, სადაც სტუდენტებს მხატვრობას ასწავლიდა. შემდეგ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და დღემდე იქ მოღვაწეობს.
    მისი შემოქმედება ძირითადად აკვარელში შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულობისა და სილამაზის ნაზავია.
    დღეს, ცირას ნახატებს არაერთ კერძო კოლექციონერის სურათებში შეხვდებით შვეიცარიაში, რუსეთში, თურქეთში, საფრანგეთში, პოლონეთში და სხვ.
    ნახატების გარდა, არაჩვეულებრივი სამოსის და სამკაულების კოლექციებსაც ქმნის, რომლებიც გულგრილს არასოდეს დაგტოვებთ:

    -ცირა, როგორც მხატვარი, როგორ აღწერდით საკუთარ სტილს?
    -რთულია საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრო, თუმცა ვიტყვი, კონკრეტულად ერთი სტილი არ მაქვს. ყველა ნამუშევარი ერთმანეთისგან გამოირჩევა. მათში ჩემი შინაგანი განწყობა, განცდები და ხასიათი იკითხება. გააჩნია, ნამუშევრის შექმნის პროცესში როგორია ჩემი სულიერი მდგომარეობა. ამას ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს?

    ცირა ახობაძე: თანამედროვე ხელოვნებამ აბსოლუტურად შეცვალა და ჩამოშალა ჩემი შეხედულებების კედელი


    -რა მასალით მუშაობთ და იგრძნობა თუ არა თქვენს შემოქმედებაზე უცხო გარემოს გავლენა?
    -ვმუშაობ აკვარელით და ტუშით. რაც შეეხება, უცხო გარემოს გავლენას, დიახ, როგორც ყველა ემიგრანტი მხატვრის შემოქმედებაზე, ჩემზეც იქონია ამ ფაქტორმა გავლენა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. სად ცხოვრობ, როგორ ხალხთან გიწევს ურთიერთობა, რა აინტერესებს იქაურ საზოგადოებას და ა.შ.



    -რის ხატვა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას და ამოჩემებული თუ გაქვთ სხვადასხვა სურათებში ერთი და იგივე რაღაცის ხატვა?
    -არა აქვს მნიშვნელობა, რას ვხატავ. ყველაზე დიდ სიამოვნებას ნახევრად მშრალი ტექნიკით, აკვარელში მუშაობა მანიჭებს. ერთი უცნაური თვისება მაქვს, ყველა ნამუშევარში აუცილებლად ვამატებ ჩემს ინიციალს, რაც ყველასთვის შეუმჩნეველია და მხოლოდ მე ვიცი სად არის იგი.

    -არაერთ გამოფენაზე მიგიღიათ მონაწილეობა. რომელ გამოფენას გამოარჩევდით და რატომ?
    -ჩემს სოლო გამოფენას გამოვარჩევდი. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. წარდგე ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წინაშე საკუთარი ნამუშევრებით და მზად გახდე, მათი აზრი მოისმინო, შენიშვნები გაითვალისწინო, გაეხვიო კრიტიკის ქარცეცხლში, ან თუნდაც შექებისგან გამოწვეულ ეიფორიაში ჩავარდე, ალბათ, დამეთანხმებით, ემოციურად ცოტა რთულია და სათანადო მზაობას საჭიროებს.

    -რამდენად პრეტენზიულია დღეს ამერიკელი მყიდველი და უმეტესწილად რა მოთხოვნები აქვს?
    -ამერიკელებს პრეტენზიულ მყიდველებს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ძალიან განსხვავებული გემოვნება აქვთ. წინასწარ ვერასოდეს განჭვრეტ, რა შეიძლება, მოეწონოთ. თავად ქვეყანა ხომ უამრავი კულტურის ნაზავისგან შედგება? სწორედ ასეთივე მრავალფეროვანი გემოვნება აქვს ამერიკელ მყიდველსაც, თუმცა აღვნიშნავ, რომ ბევრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციასაც, რადგან ყველა ვერ იქნება ხელოვნებაში ღრმად ჩახედული.

    -როგორც ვიცი, ინტერიერის დიზაინერობასაც ითავსებთ.
    -დიახ. მიუხედავად იმისა, ტანსაცმლის მოდელირება მაქვს დამთავრებული, ამ პროფესიასაც ვითავსებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დამკვეთების ძირითადი რაოდენობა ნიუ-ჯერსის შტატიდანაა. ამას უფრო სეზონური დატვირთვა აქვს. მაგალითად, შობა-ახალი წლის პერიოდში შეიძლება ითქვას, ძალიან დაკავებული ვარ.



    -ესწრებით უამრავ გამოფენებს, ხვდებით თქვენი სფეროს წარმომადგენლებს, ეცნობით მათ ნამუშევრებს. რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად ბოლო ხანებში?
    -ოთხი წლის ასაკიდან ვხატავ და სულ მქონდა წარმოდგენა, რომ მხოლოდ ხელოვნების სფეროში მექნებოდა სიმშვიდე და კომფორტი. ჩემი აზრით, თანამედროვე ხელოვნებამ აბსოლუტურად შეცვალა და ჩამოშალა ჩემი შეხედულებების კედელი, რაც ზოგ შემთხვევაში გამართლებულია.

    -ახლა რომელ პროექტზე მუშაობთ?
    -ახლა შემდეგი გამოფენისთვის ვემზადები და იმედი მაქვს, ხელოვნების მოყვარულებს იმედს არ გავუცრუებ.

    -თქვენი საყვარელი ადგილი, სადაც ხელოვნების ნიმუშებს ხშირად ეცნობით.
    -ჩემთვის მეტროპოლიტენის მუზეუმი ამოუწურავი იდეების წყაროა. იქ სიარულით არასოდეს დავიღლები. ეს არის ადგილი, სადაც ყოველ დღე შემიძლია, სიახლეს მივაგნო.

    -ყველაზე უცნაური და საყვარელი ნივთი თუ გაქვთ სახელოსნოში, რასაც ვერასოდეს შეელევით?
    -რა თქმა უნდა, მაქვს. სადაც არ უნდა წავიდე, ისინი ყოველთვის თან დამაქვს.



    -საიდან იღებთ ნამუშევრების შექმნისთვის იდეებს?
    -ყველაფერი ჩემს შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იდეები განწყობას მოაქვს. რამდენადაც იცვლება განწყობა, იმდენად იცვლებიან ჩემი იდეებიც, მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, როცა გინდა, დამალო შენი ემოციური მხარე და ამას სრულიად საპირისპირო თემით ასახავ ტილოზე. მახსენდება შემთხვევა, როდესაც გალერიის ერთ-ერთმა მფლობელმა მითხრა, რომ გეტყობა, ძალიან ბედნიერი და მხიარული ადამიანი ხარო. ალბათ, ეს შთაბეჭდილება ყვავილების ფერთა ჰარმონიამ დაუტოვა. მაშინ ვიფიქრე, შენ რომ ჩემი გრაფიკული ნამუშევრები გქონდეს ნანახი, იგივეს არ იტყოდი-თქო.

    -ბოლო ხელოვნების ნიმუში, რომელიც ცირა ახობაძემ შეიძინა?
    -ერთი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევარი შევიძინე. ის ნამდვილად ნიჭიერი ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევს და ცნობადი გახდება.

    -რომელი ცნობილი ხელოვნების ნიმუშის მესაკუთრე იქნებოდით და რატომ?
    -ძალიან მიყვარს ვან-გოგი. მის მიერ შესრულებულ პატარა სკეჩზეც არ ვიტყოდი უარს.

    ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
    1 181 ნახვა
    19-12-2018, 21:53