X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ვინც ამ სიას მხარს დაუჭერს, ავტომატურად შევა კონფლიქტში საზოგადოებასთან
  • ვინც ამ სიას მხარს დაუჭერს, ავტომატურად შევა კონფლიქტში საზოგადოებასთან

    ეკა ბესელიას ულტიმატუმის მიუხედავად, მისი თანამოაზრე გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოყოფას და ახალი ფრაქციის შექმნას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

    ფოფხაძე ამბობს, რომ მთავარი პრიორიტეტად ისევ საკანონმდებლო ორგანოდან მოსამართლეთა სიის გაწვევა რჩება. ამ საკითხზე დაწყებული დაპირისპირება კი დღითიდღე სულ უფრო მწვავდება.

    მოვლენათა შემდგომი განვითარება სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეა დამოკიდებული, რომელსაც ჯერ მიმდინარე პროცესების შესახებ შეფასება არ გაუკეთებია.

    „იუსტიციის საბჭოს ძალიან ნათლად და გასაგებად უნდა ეთქვას, რომ ამ სიას მხარს არ დაუჭერს. ეს არის ერთადერთი სწორი გზავნილი საზოგადოების წინაშე, რომელიც ელოდება ჯანსაღ, ჯანმრთელ მართლმსაჯულებას. ვინც ამ სიას მხარს დაუჭერს, ავტომატურად შევა კონფლიქტში საზოგადოებასთან,“-აცხადებს ფოფხაძე.

    ეკა ბესელიას პრინციპულობის კი არ სჯერათ ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ დეპუტატი ამ საკითხს პირადი მიზნებისთვის იყენებს.

    „ბესელიას პრინციპულობა არავის არ სჯერა ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს მოსამართლეები და ის ადამიანები, რომელებიც წარმოადგენენ ცუდ სიმბოლოს ქართული მართლმსაჯულების, ემსახურებიან უკვე დიდი ხანია ზუსტად ივანიშვილის რეჟიმს. ბესელია არის ის ადამიანი, რომელსაც არასოდეს თავისი პრინციპული პოზიცია არ დაუფიქსირებია მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და ბესელია არის ადამიანი, რომელმაც მართლმსაჯულების სფერო გამოიყენა თავისი კეთილდღეობისთვის,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.

    „ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ადამიანები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად უნდა დაინიშნონ, უნდა სარგებლობდნენ ავტორიტეტით და ნდობით.

    გიგი წერეთლის თქმით, დღეს ძალაუფლების გამო, მმართველ გუნდში ერთმანეთს დაჯგუფებები ებრძვიან.
    338 ნახვა
    8-01-2019, 00:10