7
მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება
  • მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება

    გავლენიანი მღვდელმთავარი ხელისუფლების წინააღმდეგ - მეუფე გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპარქია Facebook გვერდზე მის საკვირაო გადაგებას ავრცელებს. ის უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის.

    მისი შეფასებით, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია.

    ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხი გაეცემა.

    „უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.

    იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის - საქართველო. ამ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოს და ეკლესიას, რომელთა ფუნქციების ერთმანეთში აღრევაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.

    იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!

    რა უფრო მნიშვნელოვანია: სახარებისეული პრინციპები თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობა ან კონიუნქტურა?! გთხოვთ, რომ ვიფიქროთ ამაზე!"- აცხადებს მეუფე გრიგოლი.

    გავლენიანი მღვდელმთავარი ამავე ქადაგებაში ეკლესიის მძლავრ გავლენებზეც მიუთითებს. მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გავლენა აქვს არა მარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც.

    "თქვენ იცით დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არამარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი; ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით!!!"- აღნიშნავს მღვდელმთავარი.

    მეუფე გრიგოლი ასევე ამბობს, რომ მართლმადიდებელ სამყაროში ახალი ცენტრის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ეკლესია ამ ცენტრის ორბიტაზე აღმოჩნდება, ეს სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება.

    "ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით!"- აღნიშნავს მეუფე გრიგოლი.
    377 ნახვა
    14-01-2019, 02:53