7
თბილისელი სტილისტის ახდენილი ამერიკული ოცნება
  • თბილისელი სტილისტის ახდენილი ამერიკული ოცნება

    სტილისტი მილენა- ასე იცნობენ მას ქართველი ემიგრანტები. ნიუ-იორკში ჩასვლიდან, სულ რაღაც ოთხ წელიწადში იგი უკვე საკუთარი სილამაზის სალონის მეპატრონე გახლავთ. 6 იანვარს, დაბადების დღეზე მისი წარმატება და სიხარული უამრავმა ცნობილმა ქართველმა სტუმარმა გაიზიარა და სალონის პრეზენტაციას დაესწრო.

    -მილენა, როდის და როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება?
    -აშშ-ში ოთხი წლის წინ ჩამოვედი. საელჩოში ორჯერ უარი მითხრეს, მესამეჯერ კი ჩემდა გასაკვირად, ვიზა მომცეს. მახსოვს, ჯიბეში მხოლოდ 100$ მქონდა და მაღაზიაში შესვლის მეშინოდა, მეგონა, ყველაფერი ძვირი იქნებოდა და ვერაფერს ვიყიდიდი.

    -როგორი მოლოდინები გქონდათ, როდესაც ამერიკაში აპირებდით წასვლას და დაემთხვა თუ არა თქვენი შთაბეჭდილებები იქ ნანახს და განცდილს?
    -შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს და მეგონა, რომ ჩამოვიდოდი, სამ თვეში ბინას ვიყიდიდი. უკვე გამოთვლილი მქონდა, რომ დღეში 200$ მექნებოდა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. სალონში მუშაობა- ეს ერთადერთი რამ იყო, რაც მინდოდა, რომ მეკეთებინა. ჩემი პრობლემა ის იყო, ენა არ ვიცოდი და არც საბუთები მქონდა, რომ ოფიციალურად მემუშავა. თავდაპირველად, ბრუკლინში ერთ-ერთ სალონში დავიწყე მუშაობა, სადაც კვირაში 50$-ს გამოვიმუშავებდი. საქართველოში ფინანსურად ბევრად უკეთესად ვიყავი, თუმცა მაინც არ ვნანობდი აქ ჩამოსვლას და ჩემს მომავალს აქ ვხედავდი. ერთ წელიწადში მანჰეტენზე დავიწყე მუშაობა, სადაც კარგი ანაზღაურება მქონდა და ნელ-ნელა პრობლემების მოგვარებასაც შევუდექი.

    -რით მოგხიბლათ ყველაზე მეტად ამერიკამ და რაში გაგიცრუათ იმედები?
    -ამერიკა დღემდე მხიბლავს თავის შესაძლებლობებით და მარწმუნებს იმაში, რომ ვისაც მიზანი აქვს და ბევრს შრომობს, ყველას გაუმართლებს. იმედგაცრუებაზე კი რა მოგახსენოთ? პატარა წარუმატებლობას იმედგაცრუებას არ ვეძახი, პირიქით, უფრო მეტ ძალას მმატებს, რომ ვიბრძოლო და ჩემი ცხოვრების კრედოს არ ვუღალატო.

    -რა არის მილენას ცხოვრების კრედო?
    -მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობებისა, არასოდეს დავყარო ფარ-ხმალი და ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი მიზნებისთვის.

    თბილისელი სტილისტის ახდენილი ამერიკული ოცნება


    -სოციალურ ქსელში შექმენით ჯგუფი „მილე-New-მი“. რა დატვირთვა აქვს აღნიშნულ ჯგუფს?
    -გადავწყვიტე, შემექმნა ფეისბუქ ჯგუფი მილე-New-მი, სადაც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, ერთმანეთში გაეცვალათ ინფორმაცია სხვადასხვა საჭირო თემებთან დაკავშირებით. მაგ: სამსახურის მოძიება, იურისტის კონსულტაცია, ექიმთან ვიზიტი, ბინების ან მანქანების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება და ა.შ. არ მსურდა, რომ რაც თავის დროზე მე გამოვიარე, მსგავს ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩენილიყო ემიგრაციის დანარჩენი ნაწილიც. ამიტომ, ვთვლი, რომ რასაც ვაკეთებ, გამართლებულია და ჩვენი ჯგუფის წყალობით, ძალიან ბევრს ვუწვდით დახმარების ხელს. წელს, დაახლოებით 2000 პიროვნებას შევუვსეთ მწვანე ბარათის გათამაშების ანკეტები, დავიხმარეთ მოდერატორები საქართველოდანაც და 24 საათიანი რეჟიმით ვმუშაობდით სრულიად უანგაროდ.
    მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ მე ვერ გავართმევ თავს უამრავ წერილებს და თხოვნებს ხალხისგან, ამიტომ მყავს დამხმარე გოგონები, რომლებიც მუდამ გვერდში მიდგანან და დიდი მადლობა მსურს, გადავუხადო თითოეულ მათგანს.

    -სულ ახლახან გახსენით სილამაზის სალონი, რომელიც განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნა. მიწვეული გყავდათ საკმაოდ ცნობილი ქართველი სტუმრები.
    -დიახ. საკუთარი ბიზნესის ქონა, ჯერ არ მქონდა ახლანდელ გეგმებში, მაგრამ ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა. სალონს ჰქვია „Milena Beauty House”, რომლის გახსნაც ძალიან დიდი შრომის ფასად დამიჯდა. 6 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე მქონდა მისი პრეზენტაცია. რატომღაც ასე დავამთხვიე. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი, ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი შორენა ბარბაქაძე მოცეკვავეებთან ერთად , ჩვენი საამაყო სპორტსმენები მერაბ დვალიშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი, საოპერო მომღერალი ბექა გოგინაშვილი, ბროკერი გიორგი მესხიშვილი, ქართული კონიაკის „პრინც ქარდუს“ მენეჯერი დავით ძნელაძე და ასევე ამერიკაში მცხოვრები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ქართველები.



    -როგორც ვიცი, სალონი საკმაოდ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.
    -დიახ. ამერიკაში იშვიათად ნახავთ ყველაფერს ერთ სალონში. თმის, ფრჩხილის და კოსმეტოლოგის სალონები ცალკეა. მე კი ვცდილობ, სამივე გავაერთიანო და კლიენტებს მრავალფეროვანი მომსახურება შევთავაზო.

    -კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს სალონი თავის კლიენტებს?
    -გვყავს პროფესიონალი კოსმეტოლოგი, რომელიც დიდი გულისყურით ეკიდება თითოეულ პაციენტს. მის მომსახურებაში შედის უამრავი პროცედურა: სახის მოვლა, ტატუაჟი, თერმაჟი და სხვ. ასევე გვყავს მანიკურ-პედიკურის სპეციალისტი, მასაჟისტი და ვიზაჟისტი გამოძახებით და რა თქმა უნდა, ვთავაზობთ თმის შეჭრას როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს და ბავშვებს. ჩვენთან შესაძლებელია: თმის შეღებვა, მელირება, ბალიაჟი, ომბრე, გასწორება კერატინით, სადღესასწაულო ვარცხნილობები, წარბების კორექცია და სულ მალე, ვაპირებთ, რომ აღნიშნულ მომსახურებებს ლაზერული ეპილაციაც დავამატოთ.

    -როგორი შეგრძნებაა, როდესაც ამერიკული ოცნება ხდება?
    -ვთვლი, რომ ჩემი ამერიკული ოცნების მხოლოდ ნაწილი ახდა. მომავალში მინდა, რომ სამ სართულიანი სალონი გავხსნა, სადაც ჩემს კლიენტებს კიდევ უფრო მეტ მომსახურებას და კომფორტს შევთავაზებ. მესამე სართულზე კი აუცილებლად მე ვიცხოვრებ.



    -თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ემიგრანტს ხვდებით ყოველდღიურად. რას ურჩევდით ახალბედა ემიგრანტებს, რომლებისთვისაც საკმაოდ მძიმეა უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად ჩასვლა და დაფუძნება.
    -მივულოცავდი და ვეტყოდი, რომ ის არის იმ ქვეყანაში, სადაც ოცნებები ხდება. ვაღიარებ, პირველი ნაბიჯები ყველასთვის რთულია, თუმცა წვალებად ღირს. არ უნდა შეუშინდნენ წინააღმდეგობებს. თავდაპირველად, შეიძლება, სამსახურის შოვნაც გაუჭირდეთ, მაგრამ ამ დიდებულ და შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაში უმუშევარი არავინ დარჩენილა. მე და ჩემი ჯგუფი მილე-New-მი ჩემს მოდერატორ გოგონებთან ერთად როგორც შევძლებთ, ყველას მაქსიმალურად მხარში დავუდგებით, რადგან ვთვლი, რომ მთავარი მაინც გვერდში დგომა და გამხნევებაა, რაც ძალიან აძლიერებს ადამიანს და ბრძოლისუნარიანობას ჰმატებს.

    ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
    2 001 ნახვა
    16-01-2019, 20:35