7
თამარ თოიძე: „ყველა ხელოვანი ნებისმიერ სფეროში თავისებურად შეუდარებელი ინდივიდია“
  • თამარ თოიძე: „ყველა ხელოვანი ნებისმიერ სფეროში თავისებურად შეუდარებელი ინდივიდია“

    ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს. დამთავრებული აქვს ცხინვალის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი. არის სამასამდე ნამუშევრის ავტორი. მისი აქტიური პერიოდი მხატვრობაში ქალაქ გორს უკავშირდება. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ კონკურსში თუ ფესტივალზე. როგორც თავად ამბობს, ხელოვანი არასოდეს უნდა გაჩერდეს და მუდამ მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის თავის პროფესიაში.

    -თამარ, ხატვის უცნაური და განსხვავებული სტილი გაქვთ. როგორ აღწერდით საკუთარ სტილს მხატვრობაში?
    -მე ვფიქრობ, სტილი ადამიანის ხასიათიდან და თვისებებიდან გამომდინარეობს. სხვადასხვა ასაკში სხვა სახით გადმოვცემდი ჩემს სათქმელს, განწყობას, მაგრამ რაც დღემდე შევინარჩუნე, ფერზე ორიენტირებაა. ჩემი სტილი ალბათ, უფრო თავისუფალი და თანამედროვეა. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, შემოქმედება მანათობელი და ხმოვანი გავხადო, რომ მნახველმა იგი მკვეთრად შეიგრძნოს და მისი ესმოდეს კიდეც.

    -მართალია, რომ ხატვის დროს კოსმეტიკურ საშუალებებსაც მიმართავთ?
    -არა მხოლოდ კოსმეტიკას, არამედ რასაც ჩემი ფანტაზია გასწვდება, თითქმის ყველაფერს ვიყენებ. შეიძლება ეს იყოს ფრჩხილის ლაქი, ტუჩსაცხი, ტონალური საცხი, ბუმბული, ფერადი ძაფები, ქვები და ა.შ.
    თამარ თოიძე: „ყველა ხელოვანი ნებისმიერ სფეროში თავისებურად შეუდარებელი ინდივიდია“
    -ყველაზე საყვარელი ნამუშევარი, რომელსაც ვერ შეელევით?
    -მახსენდება მინიატურა სახელწოდებით „მელანქოლია“, რომელიც სამწუხაროდ 2008 წლის გორის ომს შეეწირა. რადგან ჩემი აქტიური პერიოდი მხატვრობაში გორს უკავშირდება, შესაბამისად ბევრ ნამუშევრებთან ერთად, აღნიშნული ნახატიც იქ მქონდა. მიყვარდა იმიტომ, რომ საუცხოო ფერთა გამა გამომივიდა. იმ ნამუშევარმა სახალხო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და დიპლომიც მომიტანა. სხვათაშორის, ფესტივალზე ბევრი სახელოვანი მხატვარი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ჩემდა გასაოცრად დიპლომი მე მერგო. ზოგჯერ დიდი სურვილი მაქვს, მხედველობითი მეხსიერებით აღვიდგინო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის.

    -როგორ მოდის ნახატის შექმნის იდეა? რამე განსაკუთრებული წინაპირობა გჭირდებათ?
    -ერთი გრაფიკული ნამუშევარი მქონდა, სახელწოდებით „მგლოვიარე პალიტრა“, რომელსაც მხოლოდ თეთრი ფერი ედო ზედ. იმდენად ჩემი იყო და არავისას ჰგავდა, ბევრი მეკითხებოდა შექმნის იდეას. რა გითხრათ? იდეები წამიერად მომდის და წინასწარ არასოდეს ვიცი, რა შეიქმნება.

    -რომელია თამარ თოიძის საყვარელი ნივთი სახელოსნოში?
    -საყვარელი ნივთებია მასტეხინი და პერო. მასტეხინი იმიტომ, რომ სრულ თავისუფლებას მაძლევს, თამამად ვიმუშავო ფერში. პერო ყოველივე ფერს კონტურულ ჩარჩოებს უწესებს. ზოგჯერ მას ცხოვრებასაც ვადარებ. ისიც ასეა, გვაფრთხილებს, რომ როგორც კი რაღაც ჩარჩოებს და კონტურებს გავცდებით, აუცილებლად გართულდება. სხვა საკითხია ვინ რისკიანი რჩება და ვინ არა.

    -რის ხატვა განიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას და რატომ?
    -ხშირად ვიცვლი შესრულების მანერას და რაღაცების ხატვის სურვილს, მაგრამ ერთადერთი, რისი სიყვარულიც ბავშვობიდან მომყვება, ყვავილების, პეპლების და ფრინველების ხატვაა.

    -როგორც ვიცი, თქვენი მოხატული გედი ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ერთ-ერთი პალატის კედელს ამშვენებს.
    -ეს იყო დიაბეტის საერთაშორისო დღეს, 14 ნოემბერს, როდესაც კლინიკის პაციენტებს საჩუქრად გედი მოვუხატე. ეს ფრინველი ჩემთვის სიმშვიდესთან და სილამაზესთან ასოცირდება, ამიტომ ვაჩუქე იმ დღეს ეს ნახატი ბავშვებს.

    -ხელოვანებს ხშირად ჰყავთ ქუმირი, რომლებიც მათ სულიერ სამყაროსთან ახლო კავშირში არიან. რომელმა ხელოვანმა მოახდინა გავლენა თქვენს შემოქმედებაზე?
    -კონკრეტული ქუმირი არ მყავს, თუმცა ძირითადად იმპრესიონისტები მომწონს. ყოველთვის მომწონდა რენუარი და ალბათ, რაღაცით იგრძნობა კიდეც მისი გავლენა ჩემს შემოქმედებაზე.

    -პირველ ნამუშევარს ხომ ვერ გაიხსენებდით?
    -ჩემი პირველი ნამუშევარი გულსაბნევი თაგუნია გახლდათ, მბზინვარე თვლებით და პერლამოტრის ფერებით. ჩეხური ბროლით იყო მოპირკეთებული. სამი წლის ასაკში ნატურიდან გადავხატე და დედა დიდხანს ინახავდა ამ ნახატს.

    -დროთა განმავლობაში ადამიანებს ეცვლებათ ინტერესები, მოთხოვნები და ა.შ. თქვენ როგორ შეაფასებდით და შეადარებდით ადრინდელ ნამუშევრებს დღევანდელთან?
    -ვფიქრობ, ადრე შექმნილი ნამუშევრები ფერში ბევრად ნათელი, სუფთა და კაშკაშაა, ამიტომ უპირატესობას მათ ვანიჭებ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ჩემმა ნამუშევრებმა თემატურად უფრო მეტი დატვირთვა მიიღეს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

    -როგორც ვიცი, ბოლო დროს ფოტოხელოვნებამაც გაგიტაცათ...
    -დიახ, ჰობად მექცა ფოტოხელოვნება. ძირითადად ძველ შენობებს, ქალაქის ხედებს, კარებებს, ჩუქურთმებს და ა.შ. ვაფიქსირებ და კადრებად ვინახავ.

    -თქვენი აზრით, რა სჭირდება ხელოვანს, რომ იყოს შეუდარებელი და კიდევ მეტად შემოქმედებითი?
    -ყველა ხელოვანი ნებისმიერ სფეროში თავისებურად შეუდარებელი ინდივიდია. ვისურვებდი, რომ არ უხდებოდეთ სიდუხჭირით ცხოვრება. არ იყვნენ დაკავებულნი ყოფითი პრობლემებით და ჰქონდეთ ყველა პირობა, რომ შექმნან და დატოვონ ფასეული ნამუშევრები. კიდევ ერთს დავამატებდი, რომ ყოველთვის მოძრაობაში იყვნენ. პირადად მე, არასოდეს ვყოფილვარ სახელოსნოში გამოკეტილი მხატვარი, მუდამ მიყვარდა აქტიური ცხოვრება.

    -თუ გქონიათ ეგრეთწოდებული „შემოქმედებითი შიმშილი“ და როგორ ებრძვით მას?
    -ჩემი პედაგოგი, გაბარაევი ამბობდა ხოლმე, რომ ნიჭმა გაყინვა იცის და თავს ძალას ნუ დაატანთ, მოვა დრო და ეს ყინული გალღვებაო. სიმართლე გითხრათ, მეც ოლიმპიური სიმშვიდით ვხვდები ხოლმე ასეთ პერიოდებს.

    -რას არ დახატავთ არასოდეს და რატომ?
    -არასოდეს დავხატავ ომს, სისხლისღვრას და ბოროტებას. ვთვლი, რომ ბოროტება არ იმსახურებს ტილოზე უკვდავებას.

    -თამარ თოიძის საყვარელი ადგილი?
    -ძალიან მიყვარს ზღვა. განსაკუთრებით საღამოს არის მიმზიდველი, როდესაც მზე თითქოს თავზე ადგას და გარშემო უთვალავ ფერთა სპექტრი იქმნება. მასაც ადამიანივით თავის ხასიათი აქვს და ცოცხალია. ხან წყნარია, ხან გაგიჟებული, აქვს თავის სუნი, ფერი, ხმა და სიცოცხლით სავსეა.

    -უცნაური ჩვევა...
    -არ ვიცი რამდენად უცნაური შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ხშირად ვფიქრობ უსასრულობაზე...

    -სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
    -ძალიან დაკავებული ვარ, ვემზადები პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც წინა გამოფენებთან შედარებით გაცილებით დატვირთული და შემოქმედებითად მდიდარი იქნება.

    ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
    566 ნახვა
    16-02-2019, 22:01