7
ბელა რომელაშვილის და ნუცი ნებიერიძის ერთობლივი საღამო ნიუ-იორკში
  • ბელა რომელაშვილის და ნუცი ნებიერიძის ერთობლივი საღამო ნიუ-იორკში

    22 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში უმასპინძლებს ბელა რომელაშვილის ფერწერულ ნამუშევრებს. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ მუსიკოსი ნუცი ნებიერიძე და მისი კოლეგები.

    ბელა რომელაშვილი დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მხატვარი გახლავთ, რომლის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა სხვადასხვა გალერეებში ემიგრანტ ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან ერთად. მისი ბოლო დროინდელი ნამუშევრები წარმოდგენილ იქნა ლონდონში “5th Base Gallery” (2016), და აშშ-ში “The Amadeus Performance Space” Connecticut/Stamford (2017), სადაც გამოფენის გახსნასთან ერთად მისი ქალიშვილის, ნუცი ნებიერიძის კონცერტი შესრულდა.

    ნუცი ნებიერიძე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მუსიკოსია. ის უკვე მეორედ უძღვება ქალბატონ ბელას გამოფენას შეერთებულ შტატებში საავტორო კომპოზიციებით. მისთვის დედის შემოქმედება ყოველთვის ინსპირაციის წყარო იყო და მუდამ დიდ გავლენას ახდენდა მხატვრის მიერ შესრულებული აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრები, სტრუქტურები, ფერთა ჰარმონიები და კომპლექსური კომპოზიციური იდეები. როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, ბელას შემოქმედებაში ყოველთვის პოულობს იმ მნიშვნელოვან სტრუქტურებს, რომლებსაც ეძებს და შემდეგ ცდილობს, მისდიოს და განახორციელოს მის მუსიკაში.

    ბოლო ოცი წლის მანძილზე ბელა რომელაშვილის ნამუშევრები იფინებოდა როგორც სოლო, ასევე ჯგუფურ გამოფენებზე სხვადასხვა სივრცეებსა/ვენიუებსა და გალერეებში: Gallery "Cossachok" (გლაზგო); Luke & A Gallery (ლონდონი); Old Gallery (თბილისი); Vital Spark (აბერდინი) და ა.შ.
    ბელა რომელაშვილის ნამუშევრების სერია “The Connections”, წარმოადგენს პორტრეტული ხასიათის ციკლს. მის ნამუშევებში ფიგურები ერთმანეთთან არიან ინტერაქციაში. გამოკვეთილი სახეები და სხეულები ერთიანდებიან და ერთმანეთს შეიცავენ,  აქვთ სხვადასხვა ხასიათი და ფორმა, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნიან. ხელოვანის შემოქმედება ეხმაურება თანამედროვე სამყაროს, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიების დახმარებით,  ადამიანები ხშირად ვირტუალური კომუნიკაციით ცხოვრობენ, მათ შორის აღარ არსებობს საზღვრები და მანძილი. პორტრეტების სერიაში, ახლო და შორი ერთ სიბრტყეშია განლაგებული, მოშლილია მანძილი და საზღვრები, ყველაფერი ერთი ვირტუალური ღრუბელია, სადაც დროს და სივრცეს მნიშვნელობა დაკარგული აქვს.

    ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
    970 ნახვა
    17-02-2019, 19:07