7
თამარ ღოღობერიძე: „ძალიან მოხარული ვარ, რომ „პრაგმა არტ გრუპის” სახელით „სლავიანსკი ბაზარ 2019“ -ში ღირსეული კონკურსანტები წარდგებიან.“
  • თამარ ღოღობერიძე: „ძალიან მოხარული ვარ, რომ „პრაგმა არტ გრუპის” სახელით „სლავიანსკი ბაზარ 2019“ -ში ღირსეული კონკურსანტები წარდგებიან.“

    სულ ახლახან, ნიუ-იორკში დაარსებულმა „პრაგმა არტ გრუპმა” ხელშეკრულება გააფორმა „სლავიანსკი ბაზართან“ და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისთვის უკვე რამდენიმე მონაწილეც შეარჩია, რომლებიც ბელორუსიაში ამერიკის სახელით მიიღებენ მონაწილეობას. Goga.tv თამარ ღოღობერიძეს, “Pragma Art Group”-ის და “Pearl of New-York”-ის დამფუძნებელს და პრეზიდენტს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა:

    -ქალბატონო თამარ, როდის დაარსდა „Pragma Art Group“ და რამდენი საბავშვო მუსიკალური ფესტივალი აქვს ჩატარებული?
    -იგი სამი წლის წინ დავაარსეთ და მე და ჩემმა შემოქმედებითმა ჯგუფმა „ნიუ-იორკის მარგალიტის ფესტივალის“ ჩატარებას უკვე სამჯერ გავუკეთეთ ორგანიზება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ღონისძიების მასშტაბები უფრო და უფრო იზრდება და მონაწილეებს და მსმენელებს ყოველთვის ახალი სიახლეებით ხვდება.

    -კონკურსებს თან ახლავს სხვადასხვა ღონისძიებებიც...
    -დიახ, ასეა. ფესტივალს ლაიტმოტივად სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც ახლავს, რომლებშიც მონაწილეობას ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ღებულობენ. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ როგორც ფერწერული, ასევე ხელნაკეთი ნამუშევრები და მოაწყონ გამოფენა-გაყიდვა.

    -განსაკუთრებულ მიღწევად რომელ ფესტივალს გაიხსენებდით?
    -თითოეული ფესტივალი გამორჩეული ხასიათის და მნიშვნელობის მქონეა ჩემთვის, თუმცა აღვნიშნავ შარშან ჩატარებულ ნიუ-იორკის მარგალიტს. მასში მონაწილეობა ათამდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, სულ ორმოცდაათამდე პატარა ვიხილეთ ღონისძიების ფარგლებში. გამარჯვებულებს კი არამხოლოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები გადაეცათ, არამედ ვუსახსოვრეთ საგზურები ევროპის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე.

    -როგორც ჩემთვის ცნობილია, „პრაგმა არტ გრუპმა“ ბევრი შემოთავაზებაც მიიღო...
    -მოხარულები ვართ, რომ ჯგუფმა უკვე მოიხვეჭა სახელი და ნდობა. გვიკავშირდებიან მრავალი ორგანიზაციებიდან და გვთავაზობენ პარტნიორობას. ამჟამად ოთხი საერთაშორისო დონის ფესტივალთან და ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ (Slavianski Bazar, Riga Symphony, Shining Star, WAFA). ჩვენ ვატარებთ ამერიკაში შესარჩევ ტურებს და შემდეგ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდებს ამერიკის სახელით ვაგზავნით კონკურსებზე.
    24 მარტს კი, მანჰეტენზე, ოპერა ამერიკაში, ოცდაათი კონკურსანტიდან ორ ასაკობრივ კატეგორიაში შევარჩიეთ გამარჯვებეულები, რომლებიც გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის მოქალაქეები არიან, ივლისში, ქალაქ ვიტექსში ამ ქვეყნის სახელით წარდგებიან გრანდიოზულ კონკურსზე - „სლავიანსკი ბაზარ“

    თამარ ღოღობერიძე: „ძალიან მოხარული ვარ, რომ „პრაგმა არტ გრუპის” სახელით „სლავიანსკი ბაზარ 2019“ -ში ღირსეული კონკურსანტები წარდგებიან.“


    -ვინ იყვნენ ჟიურის წევრები და რა კრიტერიუმებით მოხდა მონაწილეების შერჩევა?
    -მონაწილეებს ქართველი და ამერიკელი პროფესიონალები აფასებდნენ. ჟიურის თავჯდომარედ სახელგანთქმული პროდიუსერი, რეჟისორი და ახალგაზრდა ტალანტების აღმომჩენი, ჯულიან სკოტ ვარნერი გახლდათ. ყველაზე ღირსეულ კანდიდატებს ჟიურის ექვს წევრთან ერთად მეც ვარჩევდი. განსაკუთრებულად ამაყი ვარ რომ, „სლავიანსკი ბაზარზე“ ამერიკის მხრიდან კონკურსანტებს უნიჭიერესი ჟიური აფასებდა. მათ შორის იყვნენ: საოპერო მომღერალი - ვიქტორია გურბანსკაია, ცნობილი ქართველი მომღერალი - ნინი წიკლაური, ვასილ კოლხიდაშვილი - ვოკალის პედაგოგი, ტატიანა დისიენა -ვოკალური სტუდია “Talend league”-ის დამფუძნებელი, ვაგო ოჰანიანი- ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლის ვოკალის პედაგოგი.

    -გამარჯვებულ კონკურსანტებზე რას გვეტყვით?
    -შესარჩევ ტურში „სლავიანსკი ბაზარ ამერიკა 2019“ - ში პირველ კატეგორიაში (6- დან 12 წლამდე ) გაიმარჯვა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ალექსანდრა კეკელიძემ და მეორე კატეგორიაში ( 18 -დან 31 წლამდე) - ამერიკელმა უკრაინელმა, ჯორჯ ლუცენკომ. ძალიან მოხარული ვარ, რომ „პრაგმა არტ გრუპის” სახელით „სლავიანსკი ბაზარ 2019“ -ში საკმაოდ ღირსეული კონკურსანტები წარდგებიან.



    -კიდევ რა სიახლეები იგეგმება ჯგუფის მხრიდან?
    -წინ დატვირთული თვეები გველის. კერძოდ, მაისში გვაქვს პატივი, მანჰეტენზე ჩავატაროთ საერთაშორისო კონკურსის, „რიგა სიმფონის“ შესარჩევი ტური და საერთაშორისო კონკურსზე ამერიკის სახელით წარსადგენი კონკურსანტები შევარჩიოთ. რაც შეეხება ნიუ-იორკის მარგალიტს, ასევე მაისში ჩატარდება საქართველოს რეგიონების მიხედვით შესარჩევი ტურები. ყველაზე ნიჭიერები მიიღებენ საგზურს „ნიუ-იორკის მარგალიტის“ ფესტივალზე ჩამოსასვლელად. ყველაზე გამორჩეულ კონკურსანტს კი ფესტივალი ყველანაირ ხარჯებს აუნაზღაურებს და აშშ-ში ფესტივალის ფინალში მონარწილეობის მისაღებად ჩამოიყვანს. ასევე, ფესტივალი საქართველოში შერჩეულ საპრიზო ადგილების მქონე კონკურსანტებს ნაწილობრივ თანადაფინანსებას გადასცემს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
    ფესტივალი 26 ოქტომბერს „Marc Scorca Hall at National Opera Center“-ში იგეგმება. 27 ოქტომბერს კი მაყურებელი კონკურსანტებს გალა კონცერტზე „Roulette Intermedium“- ში იხილავს.
    აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს: ქაქუცა კლდიაშვილს, დავით ტვილდიანს და სალომე სიამაშვილს. მათ მიერ გაწეული დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

    ესაუბრა: ქეთი იმერლიშვილი
    374 ნახვა
    25-03-2019, 21:38