7
ირინა ონაშვილი: "თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან"
  • ირინა ონაშვილი: "თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან"

    "ორი ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილე, "მის საქართველო - 2003" ირინა ონაშვილი იქნება. სიმღერა რომ უყვარს, ეს "მის მსოფლიო" 2003-ზეც დაამტკიცა, კონკურსზე რევაზ ლაღიძის "თბილისო" შეასრულა. ახლა კი "ორ ვარსკვლავში" "ახალი ხმის" მონაწილე გიორგი მახარაშვილთან ერთად იმღერებს.
    "ამბები.გე" ირინა ონაშვილს დაუკავშირდა.

    - "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან" განსხვავებით, ამ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგანაც მიმაჩნია, რომ სიმღერასთან უფრო "ახლოს" ვარ და გამომივა, ვიდრე ცეკვა.

    - მაინც რა მოლოდინი გაქვს?
    - ვინაიდან ერთმანეთს სიმღერის მოყვარულები ვეჯიბრებით, რაღაც შანსი ალბათ მაქვს, მაგრამ გამარჯვებაზე და ჩემს შანსებზე ჯერ არც ვფიქრობ. ძალიან საინტერესო ჯგუფთან მომიწევს მუშაობა და ურთიერთობა. უნდა ვთქვა, რომ ასევე საინტერესო მონაწილეები არიან. მთავარია, ახლა მაყურებელმაც კრიტიკულად არ შეგვაფასოს და გვიგულშემატკივროს...

    - ჟანრობრივად ყველანაირი სიმღერის შესრულებას შეძლებ? მზად ხარ ამისთვის?
    - ყველანაირი სიმღერის შესასრულებლად წესით, მზად ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, როგორც შემოქმედებითი ჯგუფის დახმარების, ასევე ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელის, რუსა მორჩილაძის და რა თქმა უნდა, ჩემი პარტნიორის. მნიშვნელობა აქვს და ბევრს ნიშნავს, ვისთან ერთად მღერი. მე გიორგი მახარაშვილთან ერთად მომიწევს სცენაზე დგომა. ის კონკურსის "ახალი ხმა" მონაწილე გახლდათ. ვეცდები, დიდი შრომის შედეგად, მაქსიმუმის გაკეთება შევძლო, რომ ყველა კონცერტზე კარგად წარვსდგე მაყურებლის წინაშე. ეს ადვილი ნამდვილად არ არის და წინასწარ ძალიან ვნერვიულობ.

    - და როგორ ფიქრობ, რა იქნება ეს პროექტი შენთვის?
    - ჩემთვის ეს პროექტი იქნება კიდევ უფრო მეტი გამოცდილება, ხალისი, გართობა, ყველაფერი პოზიტიური და დადებითი ემოცია, მაგრამ ვიცი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი შრომის და ენერგიის ჩადებაც მომიწევს, ისე არც მივიღებდი მონაწილეობას.

    - ოჯახში რა გითხრეს? მეუღლეს, ლადო ვარძელაშვილს თუ მოეწონა ეს იდეა?
    - ოჯახში ყველა ჩემი გულშემატკივარია - დედა, მამა, ლადო და ჩემი დები. ვიცი, რომ ჩემი დისშვილებიც და ლადოს





    შვილი ანაც ძალიან "მიბალელშიკებენ", იმიტომ რომ, გოგოები სიმღერაზე გიჟდებიან. ასე რომ, ჩემი ოჯახის წევრები მზად არიან, ეს ორი თვე ამიტანონ, რადგან, თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან. მე კი ტექსტებს ვიზეპირებ. მოკლედ, მზად ვარ შრომისა და თავდადებისთვის. ამასთან, მთავარია მაყურებელმაც კარგად შეგვაფასოს. მაინც მათზეა ყველაფერი დამოკიდებული.

    1 265 ნახვა
    14-02-2014, 09:17