7
დალევდა კაცი..
  • დალევდა კაცი..

    დალევდა კაცი რაიმეს -
    ვფიქრობ და ზეცის მინაწერს
    ვსუნთქავ, გაფორმდა ყაიმი.
    გიყურებ ასეთ მზერაცვლილს.
    ასეთ ღამეში მინიმუმ,
    სტრიქონს დაწერდა ტერენტე,
    ქარებს, ალესილს მინიდან
    ერთ ლექსში მაინც ვერ დატევ.
    ვფიქრობ ასე და გიყურებ,
    ვისკის ჭიქიდან მოგზომე...
    გონებამ თუ წამიყრუა,
    გული გასცდება მოზომილს.
    კვამლში გაგიდგამს ფეხები,
    მე კი ტანიდან გავედი,
    მზერით საათებს ვეხები,
    სიგრძედებსა და განედებს.
    დალევდა კაცი ასეთ დროს,
    დალახვროს ეშმამ, ვმარცხდები!
    როგორც ნასვამი არტისტი,
    როგორც განცდილი განცდები,
    ვტოვებ ქალაქის სინათლეს,
    ვტოვებ დახატულს, დაწერილს,
    გავცდები ათას ნათქვამს და
    გაუწირავს და განწირულს,
    ეშაპოტებზე გაწოლილთ,
    ამპარტავანთ და თავმდაბალთ,
    თვალედახუჭულთ, გახელილთ...
    უნანიებელთ...ჯანდაბა!
    უკვდავო! ისე მიყურებ,
    თითქოს ამ ცოდვებს გიმხელდე,
    ლექსებით თან გაგიყოლებ,
    პოეტი ვარ და მიფრთხილდი!
    არ შეგიყვარებ ასეთ მშრალს,
    დაგსჯი ძარღვიან ფრაზებით.
    პოეტი ვარ და რა მიშავს,
    ბოლოს თუ მარტო დავრჩები.
    დალევდა კაცი ასეთ დროს,
    მარტინის, ვისკის, არაყსაც...
    წარმართიც ვარ და ასეთიც,
    მეამბოხე და ამაყი.
    თეთრი დროშები დავუშვი,
    გავცდი საზღვრებს და ლიმიტებს,
    დავლევდი ასეთ ღამეში,
    პოეტი ვარ და იმიტომ...
    მოუჩანს მზეს ნატყვიარი
    ღვიძლთან და ცოტა ბარბაცებს.
    გტოვებთ და მიწა ტრიალებს,
    ისევ ტრიალებს და ბაცი
    მეტაფორები ქრებიან...
    ჩემს ხელისგულზე ღარები,
    თქვენი სიცოცხლის გზებია.
    გტოვებთ და არც მებრალებით...
    მივდივარ, გითმობთ უკვდავებს,
    ყრუ-მუნჯ აჩრდილთა საუფლოს.
    წავალ, დავდგები ჩემს მთაზე
    ჩემს ღმერთთან გავისაუბრებ.

    ნინია ნადირაძე
    1 040 ნახვა
    16-02-2014, 06:32