7
პაპა
  • პაპა

    ამ ნახატს შემთხვევით წავაწყდი რამოდენიმე წუთის წინ და ყელში მოწოლილი უზარმაზარი ბურთი ნებას არ მაძლევს გვერდი ავუარო.. ეს ზუსტი ასლია ჩემი ბავშვობის! ჩემი ყველაზე ტკბილი და ლამაზი, საინტერესოდ დახუნძლული დღეების, რომელსაც პაპასთან ვატარებდისოფელში. წელიწადის ნებისმიერ დროს რომ ეკითხათ რა მინდოდა ყველაზე მეტად, სოფელში ყოფნა უცვლელი სურვილი იყო. სულ მინდოდა ადრიან გაზაფხულზე ჯერ რომ თოვლი დნობასაც არ იწყებს პაპასთან ერთად მეხეტიალა ტყეში, სხვადასხვა ტყის ხილის, კენკრის, თხილის ნერგები მეც მომეძებნა მასთან ერთად, მეც გამომეცნო რომელი ხის ძირში იქნებოდნენ თოვლში ჩამალული ყოჩივარდები, პაპასთან ერთად ჩამუხლულს შემეკრა კონები, გათოშილი ორივე ხელი მის ერთ უზარმაზარ, უთბილეს მუჭში მომექცია და მესმინა ათასი საოცარი ამბავი ხეებში სულის ჩადგომაზე, საგვარეულო ახოების ლეგენდებზე, უზარმაზარ ადამიანებსა და ჭინკებზე, რომლებისაც მისი წყალობით არასოდეს მეშინოდა! სულ ველოდებოდი როდის გამაჩერებდა უზარმაზარი ხელით, სახეგაბადრული, მეორე უზარმაზარ ხელს ჩაღიმებულ ულვაშებთან მიიტანდა და მეტყოდა.. ”შეხედე ბაწარა..” მეც თვალებს ვაჭყეტდი, კისერს ვიგრძელებდი და მისი გაშვერილი ხელის ბოლოს ჯერ კიდევ ნაცრისფერ მელაკუდას, შველს ან კურდღელს ვხედავდი.. საკუთარი გულისცემა მესმოდა გახარებულს, შემდეგ ფრთხილად დაუსტვენდა და წინასწარ გამოიცნობდა.. ”აგე..იმ ბუჩქში დაიმალება..” მერე რიყე-ბაღში მიგვქონდა ნერგები და ანაწილებდა ”ეს ხე სამ წელიწადში მოისხამს.. ეს ორში..” სულ ხდებოდა!
    მაისის ბოლოს უკვე მესიზმრებოდა როგორ მივდიოდი სოფელში, მზად ვიყავი გაუსაძლისი გზაც ამეტანა, რომლის დროსაც სულ ცუდად ვხდებოდი.. ორი დღეც რომ დამეგვიანა სკოლის დამთავრებიდან თბილისში ჩამოდიოდა, უზარმაზარი მხარ-ბეჭით და საყვარელი სვანური ქუდით მომავალს რომ დავინახავდი კისრისტეხვით გავრბოდი, რომ კისერზე ჩამოვკონწიალებოდი და ჩამოყოლილი სოფლის სურნელი ამესრუტა მისი კოსტუმიდან. მერე მთელი დღით მიდიოდა და საღამოს ბრუნდებოდა ათასი უსარგებლო თუ სასარგებლო წვრილმანით დატვირთული. ”მამა რად გინდა ამდენი რამე?” ეღიმებოდა დედას, ”როგორ რათა შვილო? ვინმეს რომ დასჭირდეს და მკითხოს ხომ უნდა მქონდეს?” რკინის არგუმენტი იყო, მთელმა სოფელმა იცოდა, რომ რამე თუ დასჭირდებოდა - ელიზბარაანთ ცაცო პაპას აუცილებლად ექნებოდა. მთელი ზაფხული სოფელში ვიყავი, ერთხელაც არ მომწყენია.. რა მომაწყენდა? ერთი დღე არ ჰგავდა მეორეს, ხან ბაღში ფუსფუსი, ნანატრი ათასფერი ამბების თხრობა, რომელიც თითოეულ ნივთზე, მცენარესა თუ ცხოველზე იცოდა, თავისებურად აფორმებდა და გულიანად მაკისკისებდა. ხან ერთადერთი ხარის ამბები, რომელიც ოსური სოფლიდან წამოიყვანა, ”მურთაზი” დაარქვა და როგორც საკუთარ ბიჭს ისე ზრდიდა! ბებიაჩემი სულ ბუზღუნებდა, ამ ბავშვს გოგოსი არაფერი ეტყობაო.. პაპა პასუხობდა დაანებე ბაწარას თავიო.. მეც მის უზარმაზარ მხრებს ამოფარებული ეშმაკურად ვუცინოდი და ვაგრძელებდით.. არ ეზარებოდა ჩემთვისაც ესწავლებინა ის, რასაც თვითონ აკეთებდა, მე ყველაფერი ვიცი! ვიცი როგორ ისხიპება ხე, როგორ იმყნობა ყლორტი, როგორ იჭრება შეშა, როგორ ითლება კაკუჩა, როგორ იწნება გოდორი, როგორ კეთდება ურემი, როგორ იდგმება თივის ჯაურა, როგორ კეთდება ”კანაო”, ვიცი თოხნა, ბარვა და ათასი რამ, რასაც ღრუბელივით ვისრუტავდი, იმიტომ, რომ პაპა აკეთებდა! ჯიუტად დავყვებოდი საძოვრის რიგში, წასვლის წინ სულ მაფრთხილებდა დილით უთენია გაღვიძებულს და შემცივნულს ”დაიღლები ბაცია..” ”არ დავიღლები, აი ნახავ!..” ვპასუხობდი და გადაქანცული შუადღეს ველოდი, რომ საქონელი ჩრდილს შეფარებოდა, მე და პაპას ბებიაჩემის გამოტანებული ყველაზე გემრიელი საგზალი გაგვეშალა, მოგროვილი პანტა და ტყის ვაშლი დაგვეყოლებინა, მერე სტვირები გამოგვეთალა, წამოვწოლილიყავით, პაპა ხის ძირში, მე - მის ღიპზე და ჩიტები ჭიკჭიკის მიხედვით გამოგვეცნო. საღამოს თვალებს ვეღარ ვახელდი, მაგრამ მედგრად მოვაბიჯებდი საგზალგამოცლილი და სოკოთი გამოტენილი აბგით ხელში და ყველაზე ტკბილად მეძინებოდა ამქვეყნად. სხვა დღეებში კენკრის კრეფით გართულს ზუსტად თხუთმეტ წუთში ერთხელ გამომძახებდა შრომაში გახვითქული ”აბა ერთი ცივი წყალი მომირბენინე ბაცია..” და მეც მომქონდა ახალი და ახალი წყალი წყაროდან, რომელიც არც ისე ახლოს იყო სახლთან. ერთხელ ტყეში ერთ წყაროსთან ამიყვანა, ლეგიას წყარო ერქვა, ტყეში ბუნებრივად მოდიოდა. მსგავსი ცივი წყალი არ დამელია, ორ ყლუპში ყინავდა კბილებს, გადავწყვიტე დასაჯდომი გამეკეთებინა, მისი ცული ავიღე და ხე მოვჭერი წყაროს ახლოს. ხის წაქცევისთანავე დავუძახე გახარებულმა, სკამს გავაკეთებ მეთქი, პაპამ დოინჯი შემოიყარა ”საჩრდილობელი მოგიჭრია შე მაიმუნო” მითხრა და გაეცინა. ხოდა ერთხელაც გადავწყვიტე ზუსტად იმ წყაროს წყლით გამეხარებინა, წავედი ჩემო მოჭრილი ხით დანიშნული ადგილის პოვნის იმედით და.. დავიკარგე.ძლივს გამოვაგენი უკან. მარტო ორჯერ გამიბრაზდა ცხოვრებაში.. ერთხელ მეზობელი ბავშვი გადავაცილე სახლში ჩვენი სახლიდან, თავსხმა წვიმაში და წვიმის ხმაში მისი ძახილი ვერ გავიგე, მეორედ ძარზე ასვლისას თვალის ჩინივით მოვლილი, დამყნობილი თეთრი ბალი მოვტეხე
    ტაროების სეზონზე, საღამოს, აციებულზე, შეშის ღუმელს ვახურებდით, სიმინდებს ვწვავდით, ხმელ ტახტზე მივწვებოდით, უძველეს საბანს ვიფარებდით და სიმინდით პირგამოტენილი დაუსრულებლად ვუსმენდი და ვუსმენდი ათასჯერ მოყოლილ ზღაპრებს საოცარი პერსონაჟებით. მასზე ჩახუტებულს უტკბესი ძილით მეძინებოდა და მესიზმრებოდა ვასთირჯი, ”ჯამბულადს” რომ უმცროსი დის მოსაპოვებლად შავ ჯარს აძლევინებს
    პაპამ ყველაფერი მასწავლა, პაპა ჩემთვის ყველაფერი იყო, პაპას ნაკლი არ ჰქონია! როცა გარდაიცვალა.. მოულოდნელად.. იმ ღამეს მესიზმრა.. თავისებული, ჩაღიმებული ულვაშებით და კეთილი თვალბით.. ”მე არ მოვკვდი, ცოცხალი ვარ ბაწარა.. მარტო შენ იცოდე!” ..ტკივილამდე მენატრება!!!
    1 023 ნახვა
    17-02-2014, 07:55