7
„კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე“
  • „კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე“

    ნიკა წერედიანი ათი წელია, თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. მამის, სოხუმის თეატრის მსახიობ ნუგზარ წერედიანის, გვერდით, კულისებშია გაზრდილი და ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ თავადაც ეს პროფესია აირჩია.
    დღეს თეატრში ნიკა წერედიანი დაკავებულია რამდენიმე სპექტაკლში - „ზვავი“, „პოლიცია“, „დრაკონი“, „7 პ.პ“... გადაღებულია რამდენიმე სერიალში: „K 17“-ში, მან სპეცრაზმელის როლი განასახიერა, „გოგონა გარეუბნიდან – მედიარში“ ექიმის ხალათი მოირგო. ახლახან „ტელეიმედის“ სერიალში „ჩვენი ამბავი“ მთავარი გმირების დედის, ნანა ლორთქიფანიძის პერსონაჟის ახალგაზრდა საქმროს როლი შეასრულა...

    - ნიკა, მამის პროფესიის გამო, სულ თეატრში გიწევდათ ყოფნა, ბავშვობაში რამე როლი თუ შეგისრულებიათ რომელიმე სპექტაკლში?
    - არა, მაგრამ ახლახან, ახალ წელთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გამახსენდა. მამა გარკვეული პერიოდი თბილისში ფილარმონიაში მუშაობდა, სადაც თოვლის ბაბუის განსახიერება უწევდა. არ ვიცი, ვისი გადაწყვეტილებით, მაგრამ როცა 6-7 წლის ვიყავი, კინტოს ფორმა ჩამაცვეს, წითელი ლენტი გადამიჭირეს და იმ წელს მე ვიყავი „ახალი წელი“. ეს იყო და ეს, ბავშვობაში სცენასთან სხვა შეხება არ მქონია. თუმცა ყოველთვის მომწონდა ის გარემო. ვუყურებდი, მსახიობები როგორ იკეთებდნენ და იშორებდნენ გრიმს, ემზადებოდნენ სცენაზე გასასვლელად, ყველას ტექსტი ზეპირად ვიცოდი და დარბაზში მჯდომი, წინასწარ ვჩურჩულებდი მათ რეპლიკებს. ეს სამყარო ძალიან მომწონდა და ბავშვის თვალებით კიდევ უფრო ლამაზ ფერებში ჩანდა.
    ჩვენ ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, როცა მე გაკვეთილები უნდა მესწავლა, წიგნები მეკითხა და ინტელექტი გამეღრმავებინა, არ გვქონდა შუქი, გაზი, გვიწევდა პურის რიგში დგომა. კი, რაღაცას ვახერხებდით, მაგრამ მაინც მოშორებულები ვიყავით სულიერ საზრდოს. მამაჩემს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მსახიობობას ვაპირებდი - ბავშვი განათლებას შეიძენს, სხვა თუ არაფერი, კარგი მაყურებელი იქნებაო. ძალიან უცბად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მანამდე არ მივლია დრამწრეზე, არც მეტყველებასა და ოსტატობაში მოვმზადებულვარ. გამოცდებამდე რამდენჯერმე ვიყავი დიმა ჯაიანთან მისული. ის არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს, მან ამიხსნა, რა იყო ეტიუდი და სხვა ნიუანსები. ფაქტობრივად, დაახლოებით ერთკვირიანი მომზადების შემდეგ გამოცდებზე გავედი.
    თავიდან ბატონი ანზორ ქუთათელაძის ჯგუფში მოვხვდი. ის არაჩვეულებრივად საყვარელი, ბუნჩულა ბაბუ იყო, კეთილი თვალებით. შემდეგ ნანა დემეტრაშვილის ჯგუფში გადავინაცვლეთ. გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანების ხელში აღმოვჩნდი. ჯგუფში დაახლოებით 14 კაცი ვსწავლობდით და დღეს ყველა არტისტია.
    - დღეს როგორ აფასებთ თქვენს პროფესიულ არჩევანს?
    - დრო რომ გადის და შენს ნაბიჯს აანალიზებ, ხვდები, რომ ყველაზე მაგარი პროფესია გაქვს არჩეული. სამყაროს აბსოლუტურად სხვა თვალით ხედავ. უცხო ადამიანის თვისებებს, საქციელს აკვირდები და თან ამაზე ტვინი ავტომატურად და გამუდმებით მუშაობს. ვთქვათ, ქუჩაში ვიღაც მოდის და სიარულის მანერა მოგეწონება, ცდილობ დაიმახსოვრო. შეიძლება, ვიღაცამ დაიყვიროს და იმ ხმას ჩაუღრმავდე და მერე იქიდან რაღაც ისტორია ააგო.
    - თუმანიშვილის თეატრში როდის და როგორ მოხვდით?
    - ეს ბატონი გოგი მარგველაშვილის დამსახურებაა. სწავლა დამთავრებული მქონდა, როცა მან თავის სადიპლომო სპექტაკლში სათამაშოდ მიმიწვია. ეს იყო ია სუხიტაშვილისა და გიორგი ყიფშიძის ჯგუფი. მათთან ბატონმა გოგიმ „ჯულიეტა და რომეო“ დადგა, სადაც მე ტიბალტის როლი შევასრულე. შემდეგ ეს სპექტაკლი, უკვე შეცვლილი სახელწოდებით „რომეო და ჯულიეტა“, თუმანიშვილის თეატრში გადმოიტანეს. აქ სხვა რეჟისორები დაინტერესდნენ ჩემით და აღმოვჩნდი „ოჯახში“. მანამდე ჩემი დებიუტი შედგა სოხუმის თეატრის სპექტაკლში „ღალატი“. მაშინ რუსთაველის თეატრში ვიყავით ბინად. გოჩა კაპანაძემ უფლისწულ ერეკლეს როლზე გამანაწილა. პირველი ნამუშევრისთვის არ იყო ცუდი, დიდი რეზონანსი გამოიწვია. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი და მხოლოდ დადებითი ემოციები მახსენდება ამ სპექტაკლთან დაკავშირებით. რაც შეეხება თუმანიშვილის თეატრს, ახლახან მამაჩემი მოიწვიეს ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლ „ზვავში“ სათამაშოდ. მოგეხსენებათ, ბატონი რეზო თავართქილაძე გარდაიცვალა და მის როლზე მამაჩემი შეიყვანეს.
    - ზოგი მსახიობისთვის სპექტაკლი ისე არ ჩაივლის, რეპლიკა არ დაავი-წყდეს, ან რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ დაემართოს. ამ მხრივ ხიფათიანი ხართ?
    - ასეთი რაღაც ბევრჯერ მომსვლია, მაგრამ ეს უფრო უწინ ხდებოდა. იმდენჯერ „მოვიტეხე კისერი“, რომ ფრთხილი გავხდი. მაგალითად, „ღალატში“ რუსთაველის თეატრის მცირე სცენიდან ხმალი გადამივარდა. იატაკში უნდა ჩამერჭო, რკინას მოხვდა და დავარდა. მეორე ცდაზე ხმალი ზამბარასავით ახტა და მაყურებლით სავსე დარბაზის შუა რიგში აღმოჩნდა - კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე. ერთხელ სცენიდან გადავვარდი. საფეხურებზე ბალიშები იდო, მასზე ფეხი უნდა დამებიჯებინა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ფეხი გაჰკრა და ბალიში კიბის კუთხისკენ გადაცურდა. იმ დღეს ფეხი საშინლად ვიღრძე. სცენიდან რომ გადავვარდი, დარბაზში ხარხარი ატყდა. წარმოიდგინეთ, პატრიოტი პრინცი, შემართებული სახით მოდის, შეძახილით „მომყევით“ და ამ დროს ეს რომ გემართება, საშინელებაა. ძალიან ვინერვიულე, მაშინვე წამოვხტი და ვეცადე, ჩემი საქციელი გამემართლებინა, მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა არანაირი გამართლება არ გაქვს (იღიმის). ლუქშიც ჩავვარდნილვარ, სცენაზე ხელიც გამიჭრია, მაგრამ ახლა ასეთი რამ აღარ ხდება, ძალიან დაკვირვებული გავხდი.
    - ნიკა, ოჯახი გაქვს?
    - დიახ, მეუღლე და 5 წლის ვაჟკაცი დათა.
    - ეს რატომ გკითხეთ, სპექტაკლში „7.პ.პ.“ პატარას თამაშობთ, ხოლო ნანა შონია თქვენი პერსონაჟის სასტიკი ძიძაა. ინტერნეტშიც ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ჩანს, რომ ძიძები ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. თქვენს შვილს ჰყავს ძიძა?
    - არა, ჩვენს შვილს ძიძა არ ჰყავს (იცინის). ბავშვი უკვე ბაღში დადის, მაგრამ მანამდეც არ ჰყოლია და ახლაც სულ ჩვენ თანაა. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ არ მიგვიღია, რომ ბავშვს ვერავის ვანდობთ, უბრალოდ მგონია, რომ ძიძის აყვანისას შვილისა და მშობლის გაუცხოება ხდება. დათიკო მიჯაჭვულია დედას და ძალიან უყვარს. ჩემზეც ასეა. სულ უნდა ჩაგეხუტოს და გეფეროს. ვთქვათ, დივანზე ერთმანეთისგან მოშორებით ვსხედვართ, მე ტელევიზორს ვუყურებ და ის კომპიუტერში მულტფილმს, რაღაცა დროის შემდეგ ისე აღმოჩნდება ხოლმე ჩემ გვერდით და ისე ამეკრობა, ვერც ვიგებ. არაერთხელ დაუძახია, მოდი რა ჩემ-თან და მეხვევა. ბავშვები ითხოვენ სითბოს და რაც უფრო დიდ დროს გაატარებ შვილთან, მით უფრო კარგი. შვილებზე კარგი მშობლებს არავინ გვყავს...
    - როლი, რომელზეც არასდროს წახვალთ...
    - იცი, რა?! ზოგჯერ არის უხამსი სცენები. არავის ვამტყუნებ და არ ვამბობ, რომ არ უნდა დათანხმდნენ ასეთ როლს, მაგრამ მე არ შემიძლია და მომკალი! შეიძლება, ქალთან სექსუალური აქტის თამაშმა მოგიწიოს, ან გეის როლი გქონდეს და მისი კაცთან კავშირიც იყოს აღბეჭდილი, მაგრამ გააჩნია, ეს რა ფორმით იქნება წარმოდგენილი. ისე უნდა გაკეთდეს, რომ მაყურებელს თვალში ცუდად არ მოხვდეს. ეს არის და ეს. ალბათ ამაზე ვერ წავიდოდი.
    - ახლა რაზე მუშაობთ?
    - თბილისში ჩამოსულია ბრიტანელი მსახიობი და რეჟისორი გაი მასტერსონი, რომელსაც ჯორჯ ორუელის მოთხრობის „ცხოველების ფერმის“ დადგმა სურს. მსახიობებს შეგვხვდა და გაგვიცნო, სპექტაკლებსაც ესწრება. მის ახალ სპექტაკლზე 20-ზე მეტი მსახიობი დაკავდება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ვისზე გააკეთებს არჩევანს. ძალიან საინტერესო როლებია და ვნახოთ, მოვხვდები თუ არა მის შერჩეულ მსახიობთა რიცხვში...

    978 ნახვა
    17-02-2014, 09:38