X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ვახტანგ რჩეულიშვილი და ნინა წკრიალაშვილი დაწყვილდნენ
  • ვახტანგ რჩეულიშვილი და ნინა წკრიალაშვილი დაწყვილდნენ

    პროექტი "ორი ვარსკვლავი", რომელიც ცოტა ხანში "იმედის" არხზე დაიწყება, ორგანიზატორების თქმით, ბევრ საინტერესოს გვპირდება. მთავარი მაინც ის არის, რომ მაყურებელი საკმაოდ საინტერესო წყვილებს იხილავს. ამ პროექტში მონაწილეობს ვახტანგ რჩეულიშვილიც, მისი პარტნიორი კი ნინა წკრიალაშვილია.

    ბატონ ვახტანგს დაუკავშირდა და ვკითხეთ, როგორ აღმოჩნდა ამ "გაუგებრობაში":

    - ამ "გაუგებრობაში" ასე აღმოვჩნდი: დამირეკა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობა შემომთავაზა. ალბათ, ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ მაიამ, ჩემმა მეუღლემ, "ცენტრ პოინტის" სახელით, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთ მონაწილეს, კონკრეტულად კი, გიორგი ყიფშიძეს საჩუქრად ბინა გადასცა. შეიძლება, მათ ამიტომაც გავახსენდი. შეიძლება, უბრალოდ ცნობილ სახეებს ეძებდნენ.

    - ისე, ბოლო წლებში საერთოდ, არ ჩანდით...
    -
    წლების განმავლობაში "ცენტრ პონტთან" დაკავშირებული საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. ქონება ჩამოგვართვეს, მერე დავიბრუნეთ და პრაქტიკულად, ქონების დაბრუნების პროცესში ვართ. მის დაბრუნებაზე ვმუშაობთ. კომპანია ვალებსაც ისტუმრებს... ახლა კი პროექტში მონაწილეობისთვის ვემზადები.

    - ასე რომ, თქვენი რეაბილიტაცია ხდება?
    -
    ჩვენს საბოლო რაბილიტაციას ერთი წელი მაინც დასჭირდება, მაგრამ პროცესი რომ რეალურად დაიწყო, "ცენტრ პოინტი" ფეხზე დგება, ეს ფაქტია.
    ისე, ასეთივე პროექტში, როგორიც "ორი ვარსკვლავია" 2005 წელს მივიღე მონაწილეობა, როცა რადიო "უცნობმა" მიმიწვია. მაშინ ლელა წურწუმიასთან ერთად ვიმღერე. დიდი მომღერალი არ გახლავართ, მაგრამ სიმღერა მიყვარს. ჩემს მრავალ გატაცებასთან (ცხენები, ძაღლები, ცურვა) ერთად, მეგობრებთან ქეიფიც მიყვარს. ერთ-ერთი ჰობია. ბევრი მეგობარი მომღერალი მყავს, მათ შორის, "შვიდკაცას" წევრები. მათთან სიმღერა ხშირად მიწევს, მაგრამ ცოტა ჩემებური გემოვნება მაქვს და სპეციფიკური ნამუშევრები მიყვარს, რუსულ სიმღერებს ვეტანები...

    - პროექტშიც რუსული სიმღერების შესრულებას აპირებთ?
    -
    კი, რუსულიც უნდა ვიმღერო.

    - ჰოდა, მაყურებლის რისხვაც დაგატყდებათ თავს... მზად ხართ ამისთვის?
    -
    მზად ვარ, მზად (სიცილით ამბობს). "ცენტრ პოინტის" ვალებთან ერთად, ეს კიდევ ერთი საკითხი იქნება, რომელიც პრობლემას შემიქნის, მაგრამ რა ვქნა, ბაბუა რუსი მყავდა, ჩემში რუსული ფესვებია. დედაჩემსაც უყვარდა რუსული სიმღერები. ბიძაჩემი კი უმეტესად რუსული "ბლატნოი" სიმღერების მოყვარული იყო. მე როზემბაუმის ნამუშევრები მიყვარს...

    - ვისოცკის სიმღერები არ მოგწონთ?
    -
    კი და მთელი ის თაობა: ოკუჯავა, ვისოცკი, საერთოდ, ბარდები, მაგრამ ჩემს გემოვნებასთან ახლოს მეტად როზემბაუმის სიმღერებია. ძველი ქართული კლასიკური ესტრადაც მიყვარს და არა თანამედროვე. ასევე მიზიდავს კლასიკური ჯაზი, წყნარი მელოდიები... თუმცა არ ვიცი, რამდენად ჩავჯდები თანამედროვე ადამიანების გემოვნებაში. ეს ცალკე საკითხია.

    - თქვენს მუსიკალურ ხელმღვანელ, რუსა მორჩილაძესთან ერთად რეპეტიციები უკვე გაიარეთ?
    -
    კი, ორი რეპეტიცია უკვე გვქონდა, ძალები მოვსინჯეთ. ერთი რუსული სიმღერა პროგრამაში ჩავასმევინე კიდეც... რუსო უნიჭიერესი ადამიანია, ვიცი, რომ ყურადღებას არ მომაკლებს და ასევე ჩემი პარტნიორი, ნინა წკრიალაშვილი, ვისთან ერთადაც უნდა ვიმღერო.

    - როგორი შანსები გაქვთ?
    -
    ხუთი საფეხური მაინც რომ გავიაროთ და გადავლახოთ, უკვე კარგი იქნება... გამარჯვებაზე რა გითხრათ...

    - თქვენი მეუღლე, ქალბატონი მაია როგორ აფასებს ამ ეტაპზე თქვენს შოუმენობას?
    -
    მაია მხარს მიჭერს, იმიტომ რომ ის





    კოშმარული ორი წელი, რაც გავიარეთ, განტვირთვას ითხოვს... მაიასაც უყვარს სიმღერა. უმეტესად ფოლკლორი იზიდავს. მოკლედ, ოჯახის წევრები მხარში მიდგანან. ამასთან, ჩემი "ცენტრ პოინტის" დაზარალებულებმაც უნდა იცოდნენ, რომ ცოცხლები ვართ და ვალებს გავისტუმრებთ. რადგან ჩვენ გვემღერება, ე.ი. ის დროც მოვა, როდესაც ყველა ამღერდება.

    მოგვიანებით მომღერალ ნინა წკრილაშვილსაც დავუკავშირდით.

    - ცოტა ხნის წინ, ცეკვებით გაითქვი სახელი, ახლა "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობ ... რას იტყვი ამაზე?
    -
    მაყურებელი გასართობად უნდა მოემზადოს, მაგარი შოუ იწყება. მშვენიერი პროექტია. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტში ბევრ რაღაცას ვისწავლი, მივიღებ სიამოვნებას და კარგ ხალხთან მომიწევს ურთიერთობა.

    - როდესაც გაიგე, რომ შენი პარტნიორი ვახტანგ რჩეულიშვილი უნდა ყოფილიყო, გაგიკვირდა?
    -
    როცა გავიგე, რომ ბატონი ვახო იქნებოდა ჩემი პარტნიორი, გამიხარდა. არ გამიკვირდა იმიტომ, რომ ვიცოდი, ნიჭიერი, ენერგიული, თავდაჯერებული, ნოვატორი და თანამედროვე ადამიანია. უნდა ვთქვა, რომ მასთან პირველი შეხვედრისას (მანამდე ახლოს არ ვიცნობდი) მასზე არსებული ჩემი შეხედულება გამიმტკიცდა. არ შევმცდარვარ, ჩემი პროგნოზი გამართლდა...

    - როგორ ფიქრობ, თქვენი დუეტი რა შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებლზე?
    -
    ჩვენი დუეტი ძალიან საინტერესო იქნება და შთაბეჭდილების გარეშე ნამდვილად ვერ დავტოვებთ მაყურებელს.

    - რას გვეტყვი პარტნიორზე, კარგად მღერის?
    -
    ბატონი ვახო ძალიან კარგად მღერის. ვეცდები, მაქსიმალურად ხელი შევუწყო...

    - ე.ი. მუსიკალურად ნომრების მომზადებაში დაეხმარები.
    -
    ვალდებული ვარ, დავეხმარო ჩემს პარტნიორს და გარდა ამისა, მაქვს დიდი სურვილი, მაქსიმალურად მოვერგო და კომფორტი შევუქმნა ამ ადამიანს, რადგან მისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოს.

    - რა შანსია აქვს თქვენს წყვილს?
    -
    ჩვენს წყვილს, ისევე როგორც ყველა წყვილს, რომლებიც პროექტში არიან, არცთუ პატარა შანსი აქვს. ძალიან კარგი და ნიჭიერი ხალხი იღებს მინაწილეობას და ყველა საკმაოდ მონდომებულია...

    2 198 ნახვა
    17-02-2014, 09:40