7
ჯანეტ ქერდიყოშვილი რეაბილიტაციის კურსს ევროპაში გადის
  • ჯანეტ ქერდიყოშვილი რეაბილიტაციის კურსს ევროპაში გადის

    ''მის საქართველო'' ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელსაც ბოლო დროს ''იმედის'' არხზე გადაცემა ''დღის შოუც'' მიჰყავდა, მოულოდნელად ეკრანიდან გაქრა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჯანეტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. დავინტერესდით მისი მდგომარეობით და ინტერნეტით დავუკავშირდით.

    - 2013 წლის ოქტომბერში მოსკოვში ''მის სამყაროზე'' საქართველოს სახელით უნდა გავმგზავრებულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდად გავხდი და ხარკოვში საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც პიელონეფრიტი, თირკმელების ანთება დამიდგინეს. ამჟამად რეაბილიტაციის კურსს ევროპის ერთ-ერთ საკურორტო ადგილას გავდივარ. დედა ჩემთან ერთადაა, მაგრამ ველოდები ოჯახის წევრებს, რომელთაც ჩემი მონახულება სურთ.
    - როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
    - ჯერჯერობით არ ვიცი. არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მომენატრა საქართველო, ჩემი მეგობრები, გვერდში მდგომი ხალხი...
    - მას შემდეგ, რაც ''დღის შოუს'' დატოვება მოგიხდა, ეკო ფანგანი გახდა ამ გადაცემის თანაწამყვანი, თუ გინახავს ''დღის შოუ'' ახალი შემადგენლობით?
    - ეკო ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობის დროს გავიცანი, ძალიან თბილი და მეგობრული გოგოა. სამწუხაროდ, სულ ერთხელ მაქვს ნანახი მისი რუბრიკა ''დღის შოუში'', მაგრამ ძალიან მომეწონა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, რომ უცებ ჯანმრთელობის გამო პასიური ადამიანი გავხდი. მაგრამ მივხვდი, რომ ჯანმრთელობაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არაფერია. გავაცნობიერე, რა არის ჩემთვის უფრო მთავარი და ძვირფასი. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ იმავდროულად - მსუბუქი, რადგან ვიგრძენი, რომ გვერდით მყავს ბევრი ძვირფასი და გულწრფელი ადამიანი. მამაჩემი, რომელიც ყველა საქმეს ტოვებდა და ჩამოდიოდა, დედა, რომელიც დღე და ღამე არ მშორდებოდა. ჩემი უსაყვარლესი ძმა - ჯეკო, მეგობრები თბილისიდან, მოსკოვიდან, პეტერბურგიდან. ქალბატონი ია კიწმარიშვილი და მისი თბილი კოლექტივი. ''დღის შოუს'' ერთგული კოლეგები, რომლებიც ხშირად მამხნევებენ... აქვე მადლობას გადავუხდი ''ფეისბუქის'' მეგობრებს ამდენი თბილი და კეთილი წერილისთვის!

    1 294 ნახვა
    20-02-2014, 08:43