7
პიკაპი თანამედროვე კოვბოებისთვის
  • პიკაპი თანამედროვე კოვბოებისთვის

    პიკაპი დიდი ხანია, გასცდა მსუბუქი სატვირთო ავტომობილის ჩარჩოებს. დღეს მოწინავე ავტომწარმოებლები პიკაპებს მდიდარი კოვბოებისთვის ქმნიან. სწორედ ასეთია ახალი Chevrolet Silverado 1500, რომლითაც ნიუ მექსიკოს თეთრ ქვიშებში ვიჯირითეთ

    თეთრი ქვიშები და სიმშვიდე. სიჩუმე. ისეთი სიჩუმე, რომ საკუთარი გულისცემის ხმასაც კი გაიგონებ. რა გაყვირებს? რა მაყვირებს, ვჩურჩულებ! მერე კი Silverado-ში ჯდები, რომელსაც 8-ცილინდრიანი ძრავა, 355 ცხენის ძალა აქვს და სამნახევარ ტონაზე მეტს იწონის. კარს ხურავ, მანქანას ქოქავ და სიმშვიდე მაინც არ ირღვევა.

    კი, მაგრამ ეს რანაირი სატვირთოა? პარდონ, რანაირი პიკაპია? ხმა. სად არის 8-ცილინდრიანი აგრეგატის შესაბამისი ხმა? ფაქტი ისაა, რომ ათწლეულებია, ეს მოდელი მილიონობით ამერიკელს აგიჟებს და ემსახურება. არა მარტო ამერიკელებს, სხვათა შორის. პიკაპი გრუხუნა და უხეში უნდა იყოს. მსოფლიოს ამ კუთხეში კი ათიდან რვა ავტომობილი პიკაპია. პიკაპები ამერიკაში ყოველთვის უყვარდათ, უყვართ და ეყვარებათ.

    მაგრამ ეს პიკაპი? ეს პიკაპი უკვე ძალიან მდიდრული მსუბუქი სატვირთოა. ახალი მოდელი, რომლის სრული სახელწოდებაა 2014 Chevrolet Silverado 1500 Z71 4WD LTZ Crew, ძველი თაობის კავბოისთვის გველის ტყავისგან შეკერილი ჩექმით პანღურის ამორტყმაა, რადგან ძველი თაობის კავბოი მიჩვეულია თამბაქოს სალონში დაფანტვას და იმას, რომ ამაზე არც უნდა იდარდოს. აქ კი, თამბაქოს მიმოფანტვაზე რომელი ჭკუათმყოფელი არ იდარდებს: ტყავის სავარძლები გათბობით, სენსორული ეკრანი, ორზონიანი კლიმატკონტროლი, უკანა ხედვის კამერა, აღმართზე დაძვრის ასისტენტი - როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ სალონში სენდვიჩის ნარჩენები ან კოკა კოლას თითქმის ცარიელი ქილა? არ ვხრუმრობთ, აქ გასაპრანჭ სარკესაც კი შეხვდებით.

    Auto Bild
    ამის დასვრა ნამდვილად არ შეიძლება: Chevy Silverado-ს კოკპიტი კლასიკური გაგებით პიკაპისთვის ზედმეტად მდიდრულია

    6-საფეხურიან ავტომატიკას ნელა და თითქმის უხმაუროდ გადართავ და 5,3-ლიტრიანი V8-აგრეგატი თანამედროვე პიკაპს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ძრავს. Ecotec3 ამ შემთხვევაში პირდაპირ შეფრქვევას ნიშნავს. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ცილინდრების გამორთვაც შესაძლებელია და სარქველების დარეგულირებაც. შესაბამისად, თავს ისე გრძნობ, როგორც მდიდრულ ლიმუზინში - უბრალოდ, ჩვეულებრივზე ნახევარი მეტრით მაღლა ზიხარ - ეგაა და ეგ. თუმცა აქ, ხუთი მგზავრის ადგილთან ერთად, სატვირთო ავტომობილის საკადრისი საბარგულიც გაქვს.

    მერე თეთრი ქვიშებიდან უნდა გამოხვიდე და ჰაივეიზე უნდა გახვიდე - ნამდვილ ამერიკულ ჰაივეიზე. კრუიზკონტროლი 80 მილზე (128 კმ/სთ) უნდა დააყენო, სატელიტურ რადიოში ნომერი 56 პროგრამა, „Willie’s Roadhouse“ უნდა ჩართო და უბრალოდ იარო.

    არანაირი დარტყმები ზურგში, არც გრგვინვა და არც შავი კვამლი. ახლებურად შემუშავებული B-საყრდენით ძარა კიდევ უფრო დაჭიმულია, კარის ახალმა დიზაინმა კი ხმაური კიდევ უფრო შეამცირა. მორჩა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა პიკაპის საჭესთან მჯდომი კაცი კუნთებს დაიყენებდა. არც ტალახიდან უკუსვლით გამოსვლა დაგჭირდება იმის გამო, რომ სადღაც ტეხასის, ნიუ მექსიკოსა და არიზონას შორის რომელიღაც გადასახვევში არასწორად გადაუხვიე. ”შევროლეს” სისტემა MyLink-ს სხვა ყველაფერთად ერთად, კავბოისთვის უმარტივესი ნავიგაციაც აქვს, რომელიც საცობის შესახებაც ცოცხალ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას. თუმცა: საცობი? აააქ?

    Auto Bild

    ნიუ მექსიკოს ნებისმიერი ჰაივეი ისეთი თავისუფალია, როგორც ბუენოს აირესის ან ნეაპოლის ქუჩები იმ დროს, როცა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მიმდინარეობს - თუკი ფინალში ერთმანეთს არგენტინა და იტალია ხვდებიან. ვისაც ოფროუდი უნდა, გათბობიანი საჭის მარცხნივ ღილაკს დაატრიალებს. ამ დროს სრული ამძრაობა ირთვება და Silverado უგზოობის ავტომობილად გადაიქცევა.

    Chevrolet Silverado-ს 2014 წლის მოდელის ფასი ახლა 25 575 დოლარიდან იწყება. მაღალტექნოლოგიური ახალი მოდელისთვის კი ”შევი” 49 965 დოლარს ითხოვს. 36 800 ევროს - ევროპულად რომ ვთქვათ. ამ თანხის შესაგროვებლად კი ძველი თაობის კავბოიმ ძალიან დიდხანს უნდა იჯირითოს. თანამედროვე კავბოებს კი ეს ფული აქვთ.

    2000 კილომეტრის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ ამერიკას რეალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოაჩენ, თუ იქ პიკაპით იმოგზაურებ. მიუხედავად იმისა, რომ საბარგული საერთოდ არ გამომიყენებია...

    ტექნიკური მონაცემები
    Chevrolet Silverado 1500 Z71

    V8, Ecotec3 • 5,3-ლიტრიანი მოცულობა • სიმძლავრე: 265 კვ (355 ცხ. ძ.)/5600 • ბრუნის მომენტი: 520 ნმ/4100 • 6-საფ. ავტომატიკა • უკანა ან სრული ამძრაობა • ტვირთამწეობა: 888 კგ • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5842/2032/1875 მმ • ბაზა: 3645 მმ • საწვავის საშუალო ხარჯი: 11,7 ლ. Super (ბოტკომპიუტერის მონაცემი)
    ფასი: 49 965 დოლარი

    დასკვნა
    ისეთი პიკაპი, როგორიცაა ახალი Chevrolet Silverado, დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ პრაქტიკული და პრაგმატული გამოყენებისთვის განკუთვნილი მსუბუქი სატვირთო ავტომობილი. ის უკვე ცხოვრების წესია. იმიჯიც, სხვათა შორის. ქალაქელებს წესით არ უნდა მოსწონდეთ, მაგრამ მოსწონთ! გზად ათასობით პიკაპი შემხვდა - ძველებიც, ახლებიც, ჟანგიანებიც, ქრომირებულებიც და, ამერიკა ისეთი ქვეყანაა, რომ იქ ჩემნაირ ძალად კოვბოისაც კი მხოლოდ პიკაპზე ჯდომა მოუნდება.
    ჰაუკე შრიბერი


    პიკაპები - ამერიკის სიყვარული


    გაყიდვებით პირველი ”ფორდის” F-სერიაა – 2013 წელს მისი 700 000-მდე ეგზემპლარი გაიყიდა. Chevrolet Silverado-ს გაყიდვებმა 2013-ში 500 000 ახალ მოდელს მიაღწია, მესამე ადგილზე კი Dodge Ram-ია (მარჯვნივ) – 300 000-ზე მეტი გაყიდული მოდელით.

    Auto Bild
    ფორდის F-150

    Auto Bild
    Dodge Ram

    Auto Bild
    ასე გამოიყურებოდნენ პიკაპები ადრე: 1963 წლის Chevrolet Stepside მარტივი, მაგრამ რობუსტული და ფასთან შესაბამისობის ჩემპიონი იყო

    1 782 ნახვა
    21-02-2014, 08:11